ევროპიდან ბევრი ავიარეისია დამატებული, რაც საქართველოში ტურისტების ზრდისთვის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია, - აცხადებს მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
დოლიძე ამბობს, რომ ტურისტების მოზიდვისთვის პირდაპირი ავიარეისების პარალელურად მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული კამპანია, რასაც თავის მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკეთებს.
„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვაქვს თითქმის ყოველდღიური და საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქვეყანაში იყო დესტაბილიზაციის პროცესები. ის ხელშეწყობა, რაც მარკეტინგის მხრივ არის გაწეული ძირითადი მიმართულება არის ევროპის მიმართულება. ასევე ევროპიდან ბევრი ავიარეისია დამატებული, რაც საქართველოში ტურისტების ზრდისთვის ძალიან ხელშემწყობი ფაქტორია. მიმდინარეობს ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას, როგორიც არის ყაზბეგის მიმართულება, თბილისი-ბათუმის მიმართულება და სხვა. თუ კერძო სექტორის ფუნქციაა სერვისის მიმართულება ანუ სტუმრებისთვის სწორად დახვედრა, სახელმწიფო ზრუნავს, რომ სწორი მარკეტინგი მიმართოს ცალკეული ქვეყნების კუთხით, საიდანაც გვინდა, რომ ტურისტები ჩამოვიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პირდაპირი ფრენები, რადგანაც რაც არ უნდა ვატაროთ მარკეტინგული კამპანიები იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ფრენები არ გვექნება, კამპანიას არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომაცაა, რომ მარკეტინგის ბიუჯეტი გათვლილია იმ ქვეყნებზე, სადაც გვაქვს პირდაპირი ფრენები, ან პოტენციურად გვექნება“, აცხადებს ბიზნესმენი.
გიორგი დოლიძის თქმით, წარსულში იყო არაერთი სიუჟეტი თუ მასალა, რომელიც ასახავდა UNESCO-ს დაცულ ძეგლებს და სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობებს საქართველოში, შესაბამისად ეს ყველაფერი არა იმ ქვეყნებისკენაა მიმართული, სადაც საქართველოს ძლიერი პოზიცია აქვს, როგორებიც არიან მეზობელი ქვეყნები, გალფის ქვეყნები.
„არამედ უფრო მეტი წილი გადამისამართებულია იმ სამიზნე აუდიტორიისკენ და სამიზნე ქვეყნებისკენ, საიდანაც გვინდა გავზარდოთ აუდიტორია და უფრო მეტად გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული მიმართულება და როგორც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკის და მზარდი ტურისტულად საინტერესო ლოკაციების მიმართულება“, - აცხადებს HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი.
გიორგი დოლიძის განმარტებით, ბიუჯეტური ფრენები უფრო აქტუალური საქართველოდან გამსვლელებისთვის იყო, ხოლო მაღალმარჯველუნარიანი ტურისტს კი შესაძლოა მაღალი დონის ავიაკომპანია და შესაბამისად მაღალი ტარიფები აწყობდეს. თუმცა მისი თქმით, ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ტურისტულ პაკეტზე და შეთავაზებებზე.
„ბიუჯეტური ფრენები აქტუალურია, როდესაც საქართველოდან გადის ტურისტი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვიცით რამდენიმე ავიაკომპანია, რომელიც მგზავრებს საკმაოდ კარგ ტარიფებს სთავაზობს. და ხშირად ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს თბილისიდან გაფრენის ნაცვლად ურჩევნიათ ჩავიდნენ ქუთაისში, თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დატოვონ აეროპორტში და იმდენად დაბალია ბიუჯეტი, რომ დააკომპენსიროს თბილისი-ქუთაისის მგზავრობის დისკომფორტი. სამაგიეროდ მიიღონ პირდაპირი ფრენა, გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე შეიძლება ეს იყოს თბილისიდან. რაც შეეხება ევროპის მიმართულებას არის ფრენები, როგორც თბილისის ისე ქუთაისის მიმართულებით. როდესაც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის მან შეიძლება, პირიქით მაღალტარიფიანი ავიაკომპანია აირჩიოს. ეს უფრო დამოკიდებულია ტურისტული კომპანიების ტურპაკეტებზე, ასევე საიდან იწყება ტურისტული მოგზაურობა მათთვის საქართველოში და სხვა“, - ამბობს დოლიძე.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა