ევროპელი ტურისტი ძალიან გვჭირდება, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ვალერი ჩეხერიას განმარტებით, ზამთრის ტურისტულ სეზონზე ყაზბეგის Rooms-ში ევროპელი ტურისტების ჯავშნების სიმცირეა. ასევე, ივენთებისა და კონფერენციების ნაწილშიც ჯავშნები არ არის.
„გვინდა, რომ მიმდინარე ზამთრის ტურისტული სეზონი ბევრად უკეთესი იყოს. Rooms Kazbegi-ს სერვისის მომხმარებლების დიდი ნაწილს ქართველი ტურისტია და როგორც წესი ქართველი მომხმარებელი ბოლო მომენტში აკეთებს ჯავშნებს. ამიტომ, ადგილობრივი მომხმარებელი, რომელიც 30%-ს შეადგენს, ვერ გათვლი და ვერ იტყვი, რომ არ დაჯავშნის.
თუმცა ივენთების ნაწილში, რომელზედაც ჯავშნები გასულ წელს ამ დროისთვის ევროპიდან აქტიურად შემოდიოდა, ახლა დაპაუხდა. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ევროპიდან დიდ მოთხოვნას“, - ამბობს ჩეხერია.
Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის აზრით, იმისათვის, რომ ევროპელი ტურისტი მოვიზიდოთ საჭიროა სასწრაფოდ დავიწყოთ კამპანია, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა.
„უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენთან ჩამოსვლა უსაფრთხოა. უკრაინაში ომის გამო გარკვეული შიშები აქვთ უსაფრთებასთან დაკავშირებით. ვიზიტები შემცირდა და სასწრაფოდ თუ არ დავარწმუნეთ ყველა და თუ არ დავიწყეთ აქტიური კამპანია, რომ ჩვენთან ომი არ არის და შეუძლიათ ჩამოსვლა და უსაფრთხოდ დასვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ ევროპულ ტურისტს დავკარგავთ“, - ამბობს ჩეხერია.
მისივე განმარტებით, Rooms Kazbegi-ში, მიმდინარე პერიოდს თუ 2019 წელს შევადარებთ, დეკემბრის მეორე ნახევარზე, როდესაც სასრიალო სეზონი იწყება, ევროპული ჯავშნები აქტიურად შედიოდა.
„აქტიური იყო ავსტრია, გერმანია. დღესდღეობით კი ეს ჯავშნები შემოსული არ გაქვს. მეტ-ნაკლებად ველოდებით, რომ მაინც თავს გავართმევთ და კარგი სეზონი იქნება. თუმცა ევროპელების გარეშე კარგი ტურისტი არ მოდის, რადგანაც ევროპელი კარგად გასწავლის, ზრდის სერვისს და კარგი გადამხდელია. სულ რომ დაბალი ფასი მისცე სასტუმროზე უკვე იცი, რომ კვებისა და სასმელების ნაწილში კარგი შემოსავალი იქნება. ასე, რომ ევროპელი ტურისტი ძალიან გვჭირდება“, - ამბობს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
უახლესი
26 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს