70 ნომინანტი და 39 გამარჯვებული - ევექსი ჰოსპიტლების მასშტაბური პროექტის, „სიცოცხლის ელჩების“ მორიგი, მეოთხე სეზონი დასრულდა.
პროექტი მედპერსონალისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურება და მათ ყოველდღიურ გმირობას წარმოაჩენს. აერთიანებს ამაღელვებელ ისტორიებს, გვაცნობს იმ ექიმებსა და ექთნებს, რომელთაც სწორედ ადამიანების გადარჩენისთვის მიიღეს სიცოცხლის ელჩის წოდება. სამედიცინო შემთხვევები უნიკალურია ისევე, როგორც განუმეორებელია მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომა იშვიათი დიაგნოზის გამოვლენისა და მკურნალობისთვის, ექსტრემალურ სიტუაციებში პაციენტების გადარჩენისა და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
„სიცოცხლის ელჩები“ სწორედ ჰოსპიტლების კედლებს მიღმა დარჩენილ დაუჯერებელ ისტორიებს აერთიანებს და საზოგადოებას დოკუმენტური ვიდეორგოლების სახით აწვდის. პროექტი, რომელიც 2019 წლიდან ტარდება, ყოველწლიურად ასახელებს სხვადასხვა ნომინაციას, ვინაიდან მოიცავს როგორც გადარჩენის, ასევე - ახალი თაობისთვის საუკეთესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გამორჩეულ პრეცენდენტს.
წელს პროექტმა 10 სხვადასხვა ნომინაცია, 24 ვიდეორგოლი და ამდენივე განსაკუთრებული სამედიცინო შემთხვევა გააერთიანა და 3 მილიონამდე ნახვა დააგროვა. 2022 წელს ვიდეორგოლებისთვის მიცემული ხმების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და 33 371-ს მიაღწია. ხმის მიცემის პროცესში „ევექსი ჰოსპიტლების“ თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. სწორედ მათ გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: წლის სიცოცხლის გაუმჯობესებული ხარისხი, წლის გადარჩენილი სიცოცხლე, წლის გადარჩენილი სიცოცხლე (პედიატრია), წლის გუნდი, წლის გუნდი (პედიატრია), წლის დებიუტი, წლის მასწავლებელი, წლის ექთანი, წლის ექსტრემალური გადაწყვეტილება, ექსპერტთა საბჭოს წლის პროექტი.
საზეიმო ღონისძიება წელს „შატო მუხრანში“ ჩატარდა, სადაც სპეციალურად სიცოცხლისთვის მებრძოლი მედპერსონალისთვის საუკეთესო კომპოზიციები შეასრულა თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით.
მედპერსონალის დაფასების მასშტაბური პროექტი 2024 წლიდან კვლავ გაგრძელდება. ნომინაციებზე წარდგენილი კანდიდატების, მათი გამორჩეული სამედიცინო შემთხვევებისა და ყოველდღიური მოღვაწეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ვიდეორგოლების ნახვა შესაძლებელია სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე www.elchebi.ge.
უახლესი