აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში Galt & Taggart -მა და თიბისი კაპიტალმა უმასპინძლეს სემინარს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა, უცხოურმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.
სემინარზე ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში, ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილია და ბანკების მიერ მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.
„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასწკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენი სემინარი, რომელიც ADB-ს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, უმასპინძლა ადგილობრივ და საერთაშორისო დარგის ექსპერტებს, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი იყო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა,“ - ამბობს ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.
„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივაა ვუმასპინძლოთ კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებულ სესიას ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა.
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატურ ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს“, - ამბობს მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად უმასპინძლებს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია