თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 48-ე სესიაზე საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის ანგარიშში გაკრიტიკებულია. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, კრიტიკა 20-მდე ცვლილებას შეეხო, რომელთა უმრავლესობაც კონგრესთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისივე თქმით, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს ცვლილებების განხორციელების პროცესის დემოკრატიულობაზე. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთოს საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ "მთლიანობაში, სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის სათანადო საფუძველს ქმნის“.
გიორგი ტყემალაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო დამკვირვებლებს, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში.
„როგორც იცით, ისეთმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, როგორიც არის ეუთო/ოდირი, დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნები შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. არჩევნებში მმართველმა პარტიამ მიიღო 1.2 მილიონი ხმა და მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს უმრავლესობის ნების და ხმების უგულებელყოფა. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ველით კონგრესის
დამკვირვებელთა მისიის თანამშრომლობას მომავალი ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში. ასევე, ვაპირებთ არჩევნების ელექტრონულად ჩატარებას, რაც აღიარებულია, როგორც ყველაზე საიმედო სისტემა, რომელიც თითქმის გამორიცხავს ხმების გაყალბების და შედეგების მანიპულაციის შესაძლებლობას“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება კონგრესთან თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას ხელს უწყობს, დიდად აფასებს. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს მოქალაქეებში ევროპის იმიჯს აზიანებს.
„აღნიშნული რეზოლუცია ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას, რაზეც კონგრესი თავის განცხადებებში წუხდა. როგორც ვნახეთ, არჩევნების წინ, 47-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ მიიღო მაღალი ლეგიტიმაცია და დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რეზოლუცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. სწორედ, ამიტომ, მოვუწოდებთ თითოეულ დელეგატს, რომ არ დაუჭიროს მხარი რეზოლუციებს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავი და მიკერძოებულ აღქმებზე დაფუძნებულია“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი18 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა1 დღის წინ
რჩევები ეზოს მოსაწყობად