დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი ამ სახით უშვებს სავალო ქაღალდებს - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი ამ სახით უშვებს სავალო ქაღალდებს - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

25-07-2024 10:00:00

დღეს უკვე მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როდესაც ბანკი უნდა გადავიდეს განვითარების ახალ გზაზე, ამიტომ საჭიროა ახალი ინსტრუმენტებით დამატებითი კაპიტალი მოვიზიდოთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სს ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ ვატო ბაბუნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სებ-ის მიერ [წინასწარი] პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, ლიბერთი ბანკმა 25,000,000 აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „ობლიგაციის“) ემისიის პროცესი დაიწყო.

„ლიბერთი ბანკი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვითარდება, მისი ზრდის ტემპი მთლიანი ბაზრის ზრდის მაჩვენებლებს ყოველ წელს აჭარბებს. ეს ყველაფერი კი ისახება საკმაოდ მაღალ მომგებიანობაში. დღეს უკვე მივაღწიეთ ისეთ ეტაპს, როდესაც ბანკი უნდა გადავიდეს განვითარების ახალ გზაზე, ამიტომ საჭიროა ახალი ინსტრუმენტებით დამატებითი კაპიტალი მოვიზიდოთ, რაც ბანკს საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად გაიზარდოს და უფრო მეტი შესთავაზოს თავის არსებულ და პოტენციურ კლიენტებს. მთლიანი ემისიის მოცულობა არის 25 მლნ დოლარი. მოცემული ინსტრუმენტი გათვლილია გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე, რომელიც გულისხმობს, რომ ეს ინვესტორი უნდა იყოს წლების განმავლობაში ფინანსურ სექტორში საკმაოდ აქტიური, ან უნდა ფლობდეს გარკვეული აქტივების მოცულობას, მისი ინვესტიცია ამ ფასიან ქაღალდები უნდა აღემატებოდეს ან ტოლი იყოს 1 მლნ ლარის. მინიმუმი დენომინალიზაცია ფასიანი ქაღალდების ეს არის 100 ათასი ლარი და დარწმუნებულები ვართ, რომ მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთით, ბევრ საინტერესო და ახალ ინვესტორს მოვიზიდავთ“, - ამბობს ვატო ბაბუნაშვილი.

ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი ბაზარზე ამ სახით უშვებს სავალო ქაღალდებს. 

„ლიბერთი ბანკი ამ ეტაპზე ბაზარს სთავაზობს საკმაოდ ახალ, ინოვაციური ტიპის ფასიან ქაღალდს. წარსულში ლიბერთი ბანკი იზიდავდა სუბორდინირებულ სესხებს, თუმცა ეს იყო პირდაპირი კონტრაქტი გაფორმებული მის კლიენტებთან. ამჯერად ეს არის საჯარო შეთავაზების ფასიანი ქაღალდი, რომელიც დალისტულია თბილისის სავაჭრო ბირჟაზე და მოქცეულია ყველა სტანდარტში, რასაც ფასიანი ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ბანკი ამ სახით უშვებს სავალო ქაღალდებს“, - აცხადებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ ლიბერთი ბანკის ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე.  

ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა. ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსებისა და  გადახდისა და კალკულაციის აგენტი არის: შპს „ალფა კაპიტალედვაიზორი“; ხოლო ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“.    

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები