საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ჯიმ ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ მიმართულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს.
"ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციების შესრულების მონიტორინგი საომარი მოქმედებების დაწყების მეორე დღიდანვე ხორციელდება, რომლის შედეგებიც საერთაშორისო პარტნიორებს დღეს დეტალურად გავაცანით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
უახლესი