ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაია დადებითად აფასებს.
როგორც ნადარაია Business Insider Georgia- თან განმარტავს, მომხმარებლების დაცვის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯია, რასაც რეალურად ყველა მხარისთვის მოჰყვება სასურველი შედეგი, მათ შორის, ბანკებისთვისაც.
ოთარ ნადარაიას შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა ლარის გამყარების მიმართულებითაც.
,,კონტრციკლური ბუფერი ზოგადად ტექნიკური საკითხია, მაგის ახსნას ახლა ვერ შევუდგები. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანია სავალდებულო რეზერვების ნორმის შემცირება. სებ-ის არგუმენტები მისაღებია, ვინაიდან გლობალურ დონეზე ისედაც გაზრდილია განაკვეთები და მეორე მხრივ ჩარჩო უფრო მორგებული გახდეს მომხმარებლებზე - ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, მათ ჰქონდეთ უფრო მეტი საშუალება, რომ იმავე ვალუტაში აიღონ სესხი. ზოგადად გადაწყვეტილება ლარის კურსის მიმართებაშიც პოზიტიურია, ვფიქრობ, რომ ლარიზაციის ღონისძიებებთან ერთად საკმაოდ ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, საბოლოოდ კი კურსის გამყარებას უწყობს ხელს", - განმარტავს ნადარაია.
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი აქცენტს საფინანსო სექტორის მდგრადობაზეც აკეთებს, სესხების მშპ-თან ფარდობასთან დაკავშირებით კი დასძენს, რომ ეს საკითხიც თანდათან ლაგდება ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რაზეც ასევე მდგრადი საკრედიტო აქტივობებიც მოქმედებს.
„მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად ვისაც სავალუტო რისკი აქვს, პირობები მკაცრდება, მაგრამ ვისაც არ აქვს ეს რისკი, პარალელურად ხდება შერბილება, ამ კუთხით კომიტეტის მიერ განხორციელებული ცვლილება მისასალამებელია. ცალსახად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებაა, რომ საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ამაში ახალი არაფერია. მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ სესხების ჭარბი ზრდა ჯერჯერობით არ იკვეთება, რასაც ადგილი ჰქონდა სამომხმარებლო სესხების მიმართულებით. თუმცა ამაზეც მოხდა რეაგირება სებ-ის მხრიდან, ჯამურად ჩვენ ეს პრობლემა არ გვიდგას. სესხებთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ 2023 წლის ოქტომბერში წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, ესეც ეკონომიკურ ზრდასთან თანხვედრაშია.
მთლიანობაში რომ შეჯამდეს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება, დასძენს, რომ ბანკებისთვის არ არის ცალკე აღებული, მთავარია კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ვისაც ვალუტაში აქვს შემოსავალი, მეტი საშუალება ჰქონდეს, რომ სესხი აიღოს იმავე ვალუტაში, ვისაც ლარში აქვს შემოსავალი - უფრო დაზღვეული იყოს. ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი სწორია და მისაღებია ყველასთვის, მათ შორის ბანკებისთვის", - აცხადებს ოთარ ნადარაია Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა