დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტისთვის ჩვენი სამიზნე ბაზრები აშშ და ევროკავშირია  - „გრინპაკი“

ექსპორტისთვის ჩვენი სამიზნე ბაზრები აშშ და ევროკავშირია - „გრინპაკი“

06-08-2024 11:59:00

ვთანამშრომლობთ სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ბრენდებთან, ვაწვდით მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს სუპერმარკეტებისთვის და ასევე ქაღალდის შესაფუთ მასალას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „გრინპაკის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა სალომე ქარელმა განუცხადა.

ამასთან კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ამბობს, რომ ექსპორტისთვის მათი სამიზნე ბაზარი ევროკავშირია.

„კომპანია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. ჩვენ ასევე მონაწილეობა მივიღეთ ისეთ მასშტაბურ გამოფენაში, როგორიცაა ინტერპაკი. რის შემდეგაც შევქმენით მომხმარებლების ბაზა საერთაშორისო მიმართულებით, რომელთანაც დავიწყეთ კომუნიკაცია. რამდენიმე საცდელი ნიმუშიც გაგზავნილი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ მივიღეთ გამოცდილება თუ რა სჭირდებათ საერთაშორისო მომხმარებლებს. უკვე მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროპის ბაზარზე ექსპორტისთვის. ასევე ჩვენთვის საინტერესოა აშშ-ის ბაზარი, რადგან, როდესაც შევისწავლეთ მსოფლიო ბაზარი, აღმოჩნდა, რომ აშშ-ი ქაღალდის პარკებზე მოთხოვნა დიდია“, - ამბობს „გრინპაკის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „გრინპაკის“ გაყიდვების 80% კორპორაციულ სეგმენტზე მოდის, ხოლო 20% საცალოზე.

„ჩვენი პარტნიორია ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ყველა ცნობილი და დიდი კომპანია რომელიც ერთჯერად, ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთ მასალას გვიკვეთავს“, - განაცხადა სალომე ქარელმა.

ცნობისთვის, 2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ ქაღალდისა და მუყაოს პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა (ქაღალდის პარკები, ჭიქები, თეფშები, სხვადასხვა სახეობის მუყაოს ყუთები და შესაფუთი საშუალებები), რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ასევე უქსოვადი ქსოვილის (ტომრები, პაკეტები, დეკორატიული და სხვა ნაწარმი) წარმოებაც წარმოადგენს.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში ჯამური ინვესტიციის მოცულობა $5 მლნ–ს შეადგენს. კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა 2017 წლის დეკემბერში დაასრულა და ბაზარზე ოპერირებას დამოუკიდებლად განაგრძობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები