გვაქვს მოლოდინი, რომ სექტემბრიდან კომპანიის საექსპორტო გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის „გეფერინის“ თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
როგორც ილია გეფერიძე ამბობს, შესაძლოა, წარმოების 20% ჩინეთში გადაიტანონ და რამდენიმე მოდელი ამ ბაზარზე დამზადდეს.
„წლის ბოლომდე ვგეგმავთ 2 მაღაზია დავამატოთ. აქედან ერთი ჩინეთში გაიხსნება. ამასთან სექტემბრიდან ექსპორტის ზრდის ფონზე 20%-მდე შემცირდება ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები. ჩინეთში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა და გაყიდვები მზარდია. ვაპირებთ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიცია, რომ ამ ბაზარზე ბრენდის ცნობადობა გაიზარდოს და მაგ კუთხითაც ვმუშაობთ. ეს იქნება საინვესტიციო კაპიტალი დაახლოებით $200 ათასი. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს ჩინეთის ბაზარზე, დავაკვირდებით გაყიდვების მიმდინარე დინამიკას“, - ამბობს ილია გეფერიძე.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „გეფერინის“ დამფუძნებელ ამბობს, რომ საქართველოს ბაზარი სტაბილური არაა და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„საქართველოს ბაზარი ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, რადგან საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი დაბალია. ჩვენ ვაწარმოებთ სამომხმარებლო პროდუქტს. მომხმარებელი ჯერ კვების პროდუქტებს ყიდულობს და შემდეგ გადადის სხვა ხარჯებზე. ქვეყანაში სოციალური ფონი იმდენად დაბალია, რომ დამატებით ხარჯების გაღების საშუალება მოსახლეობას არ აქვს. საქართველო 3,7 მილიონი მოსახლეობით ისედაც მცირე ბაზარია და ამიტომ ჩვენი სამიზნეა 1,5 მილიარდიანი ჩინეთის ბაზარი“, - ამბობს ბრენდის თანადამფუძნებელი.
შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ქართული ბრენდი ჩინეთის ბაზარზე Tmall-ის პლატფორმის დახმარებით შევიდა.
ამ დროისთვის ქართული ბრენდის გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის. ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.
უახლესი