ეიფორია • Euphoria ახალი სტრატეგიების შექმნაზე მუშაობს, რათა დაიბრუნოს ზრდის ტემპი და ბაზარზე პროდუქციის ცნობადობა გაზარდოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „ეიფორიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა სულაბერიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, წლების განმავლობაში კომპანია სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა.
„ჩვენი საქმიანობა წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში შევხვდით გარკვეულ გამოწვევებს, რაც განპირობებულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის და ეკონომიკური ცვლილებებით. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ არ ვწყვეტთ განვითარებას და ვმუშაობთ ახალი სტრატეგიების შექმნაზე, რათა დავიბრუნოთ ზრდის ტემპი და კვლავ გავაღრმაოთ ჩვენი პროდუქციის პოპულარობა ბაზარზე. ჩვენი გუნდის მტკიცე გადაწყვეტილება და მომხმარებლის სიყვარული გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ვიხილავთ მნიშვნელოვან ზრდას“, - აცხადებს ანა სულაბერიძე.
2017 წელს ორი მეგობრის მიერ ბომბის ორი ყალიბით სამზარეულოში დაწყებული ექსპერიმენტი დღეს უკვე ბევრისთვის საყვარელ ბრენდად იქცა, რომელიც დღეისათვის 60-მდე დასახელების უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს.
„ჩვენი ეიფორიული თავგადასავალი 2017 წელს იწყება და დღემდე ჩვენმა შექმნილმა პროდუქტებმა ფორმულირების და ინგრედიენტების ნაწილშიც დიდი ცოდნა და ხარისხის შექმნის გამოცდილება დააგროვა.
თამამად გეტყვით, რომ დღეს საუკეთესო ბომბებს აღმოაჩენ ჩვენთან, ეიფორიაში. ვქმნით ყველაზე სურნელოვან ტანის ბზინვარე ზეთებს და ერთი ხელის მოსმით შესაყვარებელ სხეულის კარაქებს.
რაც ყველასგან გამოგვარჩევს არის ჩვენი განსაკუთრებული ერთგულება ხარისხისადმი. თითოეული ჩვენი პროდუქტი შემუშავებულია მხოლოდ ტესტირებული, უსაფრთხო და სანდო მომწოდებლებისგან მიღებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით. მომხმარებლების ნდობამ და ერთგულებამ მოგვცა მოტივაცია, რომ ეს ნდობა გაგვემართლებინა. დღემდე ასეა, ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერით.
დღეს „ეიფორიაში“ უკვე 60-მდე დასახელების პროდუქტს აღმოაჩენთ, რომელთაგან TOP-გაყიდვადი პროდუქტებია: აბაზანის ბომბა, ბზინვარე ზეთი და ტანის კარაქი“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს ეიფორიას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირინა პაპაშვილმა.
„ეიფორიას“ პროდუქცია თბილისში მდებარე საწარმოში მზადდება.
„ჩვენი საწარმო მდებარეობს თბილისის გულში, სადაც თავდაპირველად მცირე ინვესტიცია ჩავდეთ — 5000$. შემდეგ წლებში უკვე პარტნიორი ბანკის დახმარებით ხდებოდა ინვესტიციის მოცულობის გაზრდა.
ამ თანხამ შესაძლებლობა მოგვცა, შეგვექმნა პროდუქცია, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხი და უსაფრთხოება, არამედ ასევე შევქმნათ სივრცე, რომელიც ამ ხარისხს გამოხატავს. ამჟამად ვამზადებთ შოურუმს, რომელიც იმავე სივრცეში განთავსდება. შოურუმში, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, პირადად გაეცნონ ჩვენს მრავალფეროვან პროდუქტებს, დატესტონ ისინი, შეიძინონ, და ასევე ნახონ პროდუქციის შექმნის პროცესი, რაც მათ საშუალებას მისცემს, დააფასონ ჩვენი ხელით შექმნილი თითოეული პროდუქტის ხარისხი და სიზუსტე“, - ამბობს ანა სულაბერიძე.
დღეს „ეიფორიას“ პროდუქციის გაყიდვები ხდება, როგორც ონლაინ ისე კონცეპტუალურ მაღაზიაში. ირინა პაპაშვილის თქმით, პროდუქციის შეტანაზე კომპანია მოლაპარაკებებს სალონებთან და სასტუმროებთან და ასევე ერთ-ერთ ცნობილ ციფრულ პლატფორმასთან აწარმოებს.
„ონლაინ გაყიდვების გარდა, ორ კონცეპტუალურ მაღაზიაში ვართ წარმოდგენილი. გეგმაში გვაქვს რამდენიმე ასეთ ობიექტში ჩვენი პროდუქციის შეტანა. გვაქვს ერთ-ერთ ცნობილ ციფრულ პლატფორმასთან მოლაპარაკებები. ასევე ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა სალონებთან და სასტუმროებთან კორპორაციული კოლაბორაციების მიმართულებით“, - ამბობს ირინა პაპაშვილი.
დღეისათვის „ეიფორიას“ პროდუქცია ექსპორტზე არ გადის, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ სამომავლოდ გამორიცხული არაფერია.
რაც შეეხება „ეიფორიას“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას, ბოლო სეზონზე კომპანიამ ტრენდული როზმარინის ხაზი დაამატა და გეგმაში აქვს ასევე, მამაკაცის ხაზის შექმნაც. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ დღეს ქართული წარმოების კოსმეტიკურ საშუალებების მიმართებით მომხმარებლების ნდობა საკმაოდ დაბალია, რასაც „ეიფორიაში“ სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.
„ქართველი მომხმარებლის ნდობა ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით კი კოსმეტიკის მიმართ ძალიან დაბალია. ჩვენ საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ იმ მათი ნდობის მოსაპოვებლად, ვისაც დღეს ეიფორია უყვარს და მის პროდუქციას იყენებს. ამაში დაგვეხმარა ჩვენი განსაკუთრებული ფორმულები, ხარისხიანი ინგრედიენტები და ის შედეგი, რასაც ჩვენი პროდუქციის მოხმარება განიჭებს.
თუმცა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია მთლიანად კოსმეტიკის სექტორში. საჭიროა შეიქმნას რეგულაციები და შემოწმდეს რიგიანად ეს პროდუქცია, რომ ადამიანს გაუჩნდეს ნდობა, თუნდაც უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე კარგი იქნებოდა თუ ქართული კომპანიები გაერთიანდებოდნენ სხვადასხვა კამპანიაში და მომხმარებელს მოუწოდებდნენ ამ წარმოების განვითარების მნიშვნელობას სექტორისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ცხადია შეცვლის მომხმარებლის დამოკიდებულებებს“, - აცხადებენ ეიფორიაში.
აღსანიშნავია, რომ „ეიფორიას“ თითოეული პროდუქტი შემუშავებულია მხოლოდ ტესტირებული, უსაფრთხო და სანდო მომწოდებლებისგან მიღებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით.
„ეიფორიას“ პროდუქცია დაცლილია სინთეტიკური ქიმიური ნაერთებისგან, მინერალურ ზეთებზე დამზადებული პროდუქტებისგან. კომპანიის მიერ გამოყენებული ნედლეული არ იტესტება ცხოველებზე და წარმოებიდან შეფუთვის პროცესამდე მუდმივად ხდება ნარჩენების შესამცირებლად გზების ძიება და გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება