დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

05-09-2023 09:39:10

დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. ცნობილია, საკითხები, რომელსაც დეპუტატები პლენალურ სხდომაზე განიხილავენ. 

პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი დავით სერგეენკოსა და ქეთევან დუმბაძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სასესიო კვირაში, კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოუწოდა ამ კანდიდატების მხარდაჭერისკენ.

„იცით, რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. გავიდა 5 თვე, რაც დასახელდნენ ეს კანდიდატურები და გასაუბრებებიც იყო. ამ ხუთი თვის მანძილზე ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით, მე პირადად არ მომისმენია რამე უარყოფითი აზრი. ამიტომ, გთხოვთ შეხედოთ ამ საკითხს იმ პერსპექტივით, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციის შესასრულებლად და შეძლებისდაგვარად, იქნებ შევძლოთ არამოსამართლე წევრების არჩევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ასარჩევად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

მიმდინარე სასესიო კვირაში, განსახილველ საკითხებში, შეტანილია დადგენილების პროექტი, რომელიც შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტის ინიციატორია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები