ფიშინგი ქართულ რეალობაში ისევ აქტულაური პრობლემაა. წლებია აღნიშნულ პრობლემაზე სხვადასხვა ფინანსური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეულ მოწოდებებსა თუ გაფრთხილებებს ავრცელებენ, თუმცა ეს პრობლემა კვლავ აქტიურად დგას.
როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციაში განმარტავენ, ისინი კიბერსაფრთხეებზე და განსაკუთრებით ფიშინგთან დაკავშირებულ რისკებზე სისტემატიურად მოგვიწოდებენ სიფრთხილისკენ, კიბერჰიგიენის საბაზისო რჩევების გაზიარებით როგორც მათ გვერდზე, ისე სხვადასხვა მედია საშუალებებში.
„ფიშინგი იმდენად ხშირია, შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილიც კი გახდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და რაც მთავარია, ფიშინგ შეტყობინების მიღებისას აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. ამაზე მუდმივად ვამახვილებთ ყურადღებას“- აღნიშნეს ასოციაციაში. მათი თქმით, არ არის ეპიზოდური შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ბანკის მომხმარებელს ეგზავნება sms შეტყობინება ფინანსური ინფორმაციის გაზიარების მოწოდებით. საყურადღებოა, რომ იცვლება კონტექსტი - გუშინ შეიძლება ეს ყოფილიყო სასესხო პროდუქტებზე სახარბიელო შეთავაზების შეტყობინება, კომუნალური გადახდის შემდეგ ნაწილი თანხის ქეშბექად დაბურნება, დღეს კი ქულების განაღდების მომხიბვლელი წინადადება და ხვალ კიდევ სხვა.
„დღეს, ჩვენი და მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ფიშინგი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი წარმატებული კიბერ შეტევა სწორედ ამ ფორმით იწყება. ფიშინგ შეტყობინება შესაძლოა ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს, ეს იქნება sms-ის სახით თქვენს მობილურ ტელეფონზე, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებში ( WhatsApp-ის თუ Viber-ის აპლიკაციაში) სესხის კარგ პირობებზე, ან ქულების დარიცხვით ან მათი განაღდების მოწოდებით. შესაძლოა, იყოს ისეთი ბანალური შეტყობინება, როგორიცაა „თქვენ მოიგეთ“ ან „თქვენ გაიმარჯვეთ გათამაშებაში“ და სწორედ თქვენ გეკუთვნით შეზღუდული დროით მოქმედი აღნიშნული შეთავაზება.
ყველა ასეთი განსხვავებული შინაარსის შეტყობინებაში ერთი საერთო რამ არის - მათში მოცემულია მავნე ბმული, რომელზე დაჭერასაც მოგიწოდებთ კიბერთაღლითი და შემდეგ უკვე სტანდარტული საქემა მოქმედებს: ითხოვენ საბარათე მონაცემების შეყვანას, ან ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის, პაროლის და ერთჯერადი კოდის შეყვანას. სინამდვილეში თქვენ ბმულზე დაჭერით გადადიხართ ყალბ ვებგვერდზე და თქვენს მიერ შეყვანილი საბარათე ან ინტერნეტ-ბანკში შესასვლელი მონაცემები ხილული ხდება თაღლითებისთვის და შედეგად ხდება თანხის ჩამოჭრა თქვენი ანგარიშიდან“, - განმარტეს ასოციაციაში.
„ფიშინგ შეტყობინება შესაძლოა მივიღოთ ნაცნობი ან უცნობი გამომგზავნისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ არ დააჭიროთ ამ შეტყობინებაში მოცემულ მავნე ბმულებს და არ მიჰყვეთ კონფიდენციალური მონაცემების შეყვანის მოწოდებას. შეთავაზების ნამდვილობის გადასამოწმებლად, თქვენ თავად აქტიურად შეეხმიანეთ უშუალოდ იმ კომპანიას, რომლის სახელითაც მიიღეთ შეტყობინება. თუ თქვენ შეგხვდათ სოციალურ ქსელში შეტყობინება ან მიიღეთ შეთავაზება sms-ით საბანკო პროდუქტის განსაკუთრებით სახარბიელო პირობებით სარგებლობის თაობაზე და მასში გამომგზავნი მოგიწოდებთ საბარათე ან ინტერნეტ-ბანკის მონაცემების გაზიარებისკენ, თქვენთვის ეს უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი - სესხის მისაღებად ბანკი არასდროს მოგთხოვთ საბარათე მონაცემების გაზიარებას. შეგიძლიათ საბანკო პროდუქტის სარგებლობის პირობები თუ შეთავაზებები უშუალოდ პირდაპირი დაკავშირებით იმ ფინანსურ დაწესებულებასთან გადაამოწმოთ, რომლის სახელითაც ხდება ეს შეთავაზება. დაიმახსოვრეთ: ფიშინგ შეტყობინებაში მოცემული კონტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა მიზანი ერთია - მოტყუებით მოიპოვონ თქვენი საბანკო ბარათის ან ინტერნეტ-ბანკიგ მონაცემები. ამდენად უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავს, უცნობ, მესამე მხარესგან მიღებულ მოწოდებებს კონფიდენციალური მონაცემების შეყვანის თაობაზე არ უნდა ავყვეთ“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან ფიშინგზე საუბრისას საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერ უსაფრთხოების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ.
ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ფორმაა, რომელიც მომხმარებელს მოტყუების გზით აიძულებს, თავისი სენსიტიური და პერსონალური ინფორმაცია თაღლითების მიერ შექმნილ ყალბ ვებგვერდზე შეყვანის გზით გაამჟღავნოს.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება