დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეისათვის სოფლის მეურნეობის დაზღვევაში ალდაგის ბაზრის წილი 80%-ია - გიორგი ბარათაშვილი

დღეისათვის სოფლის მეურნეობის დაზღვევაში ალდაგის ბაზრის წილი 80%-ია - გიორგი ბარათაშვილი

30-08-2024 12:05:00

ალდაგი დღეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს აგროდაზღვევის განვითარებას, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. მისი თქმით, კომპანია 2014 წელს შეუერთდა სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტს და მას შემდეგ უწყვეტად ეხმარება ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის სფეროს.

„დღეისათვის სოფლის მეურნეობის დაზღვევაში ალდაგის ბაზრის წილი 80%-ია. აქტიურად ვართ წარმოდგენილები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა ქვეყანაში აგროდაზღვევა განვითარდეს. გვესმის, რომ აგროდაზღვევის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება ვერ მოხდება. გასულ წელს, 15 მლნ ლარი მხოლოდ აგრო მიმართულებით ავანაზღაურეთ. გვახსოვს, რამდენად დააზარალა სეტყვამ აღმოსავლეთ საქართველო 2 და 17 სექტემბერს, სწორედ მაშინ, როდესაც ფერმერებს უკვე უნდა აეღოთ მოსავალი. დაზღვევა ამ დროს ერთადერთი გამოსავალია. ამიტომაც ყოველ წელს აქტიურად ვართ წარმოდგენილი ამ სფეროში და ვცდილობთ ჩვენი აგროდაზღვევით მინიმუმამდე შევამციროთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული რისკები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა, რომელიც ფერმერების გადასახადის დიდ პროცენტს ასუბსიდირებს. ეს საკმაოდ კარგი პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში და ხელს უწყობს აგრო სფეროს განვითარებას. წელს ველოდებით, რომ აგროდაზღვევის მიმართულებით 30%-იანი ზრდა გვექნება. ალდაგი ასევე არის პირველი კომპანია, რომელმაც მსხვილფეხა პირუტყვის დაზღვევა დაიწყო. ფერმერს დღეს ძალიან მარტივად შეუძლია, რომ მარკირების შემდგომ დააზღვიოს პირუტყვი ალდაგში და დაზღვეული მსხვილფეხა რქოსანი გამოიყენოს ფინანსური რესურსების მოსაზიდად. როგორც ლიდერი კომპანია ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ბაზარი განვითარდეს, ამიტომაც ვცდილობთ ინვესტიცია ჩავდოთ ახალი სადაზღვევო პროდუქტების განვითარებაში, რომელიც ზოგადად დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. დღეს მთავარი კონცენტრაცია გვაქვს კახეთში, სადაც რისკი ძალიან მაღალია და გვინდა, რომ დასავლეთ საქართველოშიც გავზარდოთ წვდომა სადაზღვევო პროდუქტებზე“, - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები