დღეისათვის ლარის კურსზე არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი ნეგატიური მიმართულებით არ მოქმედებს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც რუბრიკაში ლარის კურსთან დაკავშირებული მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ლარის კურსს ახასიათებს ტურბულენცია და მოსახლეობა ამ პერიოდში პანიკას არ უნდა აყვეს.
„როგორც წესი ხაზი მინდა გავუსვა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მცირე აჟიოტაჟი შეინიშნება და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად აჟიოტაჟური ქცევა უპირველეს ყოვლისა აზარალებს რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მცირე დანაზოგები ან არიან დამოკიდებული გარკვეული ტიპის მცირე შემოსავლებზე და კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს იმისათვის, რომ ცალკეული ტიპის აჟიოტაჟური ან პანიკური ქცევიდან გამომდინარე არ დავზარალდეთ.
სწორედ იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები და ჩემი რჩევა არ იყოს, მე შემოგთავაზებთ გარკვეული ტიპის ანალიზს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის Galt & Taggart-ის და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მონაცემებს.
Galt & Taggart-ის პროგნოზების მიხედვით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 8%-ი იქნება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლის დასაწყისში შედარებით დაბალი იყო. შემდგომ მოხდა მისი დაკორექტირება, არა მხოლოდ ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზებია 2025 წელთან დაკავშირებით. 2025 წელს საბაზისო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-ია, ხოლო ოპტიმისტური - 7%-ი.
რაც შეეხება ინფლაციას (საშუალო), 2024 წელს ამ მაჩვენებლის პროგნოზი 2%-ზეა დაფიქსირებული, რაც მიზნობრივ ინფლაციასთან მიმართებაში შედარებით დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება მოლოდინებს ლარის კუსთან დაკავშირებით 2024 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,7 ლარის ფარგებშია, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2,95 ლარის ფარგლებში.
ახლა დავაკვირდეთ შემოსავლების ნაწილს. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2024 წლის მეორე კვარტალში 2000 ლარს აღემატება და 2004,9 ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლები 2023 წლის მეორე კვარტალთან (1804,5 ლარი) შედარებით გაზრდილია. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ზრდა დაახლოებით 900 ლარია. შესაბამისად სახეზეა შემოსავლების ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია მთავარი რისკი ყოველთვის არის ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები. ანუ ინფლაცია, პროდუქციაზე ფასების ზრდა ხომ არ წაიღებს ჩვენი შემოსავლების ზრდის ნაწილს. სებ-ის მიერ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განსაზღვრულია 3%-ზე. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არის 1%-ი. ანუ მიმდინარე ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოუვარდება. და როგორც Galt & Taggart-ის პროგნოზში ვნახეთ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს არც გასცდება. არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე ინფლაციური რისკი არ არსებობს.
თუ დავაკვირდებით ასევე რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ასევე იწვევს ლარში სესხების გაიაფებას. თუ ჩვენ ვითარებას შევხედავთ დინამიკაში, დავინახავთ, რომ სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შერბილება ხდებოდა ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც სტაბილური ვითარება ნარჩუნდება. ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზით რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე მინიმუმ შენარჩუნდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში იქნება შემცირების ტენდენცია.
ლარის კურსის მონაცემებს თუ დავაკვირდებით, კურსს ახასიათებს ტურბულენცია, რაც არ არის საპანიკო. ვხედავთ, რომ მაისი-ივნისის პერიოდში კურსი „გაიქცა“, მაშინ ჩვენ სრულიად სამართლიანად ვამტკიცებდით, რომ აქ არ იყო რაიმე ფუნდამენტური ფაქტორები, შემდეგ ვნახეთ, რომ კურსი უბრუნდება მის წონასწორულ მაჩვენებლებს. დღეისათვის ლარზე არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი ნეგატიური მიმართულებით არ მოქმედებს.
თუ დავაკვირდებით მოლოდინებს, როგორი იქნება ლარის კურსის გაცვლითი კურსი მომდევნო 6 თვის გამავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის მიხედვით, ბიზნესის დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ კურსი არ შეიცვლება. თუ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში იყო დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურების მოლოდინი, თუმცა 2024 წლის მესამე კვარტლისთვის მოლოდინები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბიზნესის 64%-ს უკვე მიაჩნია, რომ კურსი არ შეიცვლება. ჯამში 70%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ ლარის კურსი ან არ შეიცვლება ან გამყარდება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა