დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყურძნის უპრეცედენტოდ რეკორდული მოსავალი მივიღეთ - დავით სონღულაშვილი

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყურძნის უპრეცედენტოდ რეკორდული მოსავალი მივიღეთ - დავით სონღულაშვილი

04-10-2024 19:00:00

საოცარი წელი იყო რთველის ნაწილში. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყურძნის ყველაზე დიდი მოსავალი მივიღეთ, რაც უპრეცედენტო და რეკორდულია - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ სტუმრობისას გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა. 

„როდესაც გამოწვევების წინაშე დადგა ამხელა მოსავალი და განსაკუთრებით საფერავთან დაკავშირებით ვიტყოდი, როგორც მოსავლის ჩაბარება ასევე ფასი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობითა და ჩართულობით, მიღებული იყო განსაკუთრებული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც ფასთან და ღვინის ქარხნებთან დაკავშირებით მოხდა აქტიური ჩართულობა, რომ ჭარბი მოსავლიანობა მევენახისთვის პრობლემა არ გამხდარიყო. ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებს მთავრობა მოსახლეობის თითოეულ გამოწვევაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

მისი თქმით, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, 8 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მასშტაბური იქნება. 

„ფესტივალში მონაწილეობს 422 მეწარმე, რაც ფესტივალის მასშტაბურობას უსვამს ხაზს. ეს არის შესაძლებლობა მეწარმეებისა და მეღვინეებისთვის. გასულ წელს 30 000 სტუმარი იყო ფესტივალზე და წელს უფრო მეტს ველოდებით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რთველი 2024-ის ფარგლებში, 23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 205 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 81.2 ათას ტონამდე რქაწითელი, 97.2 ათას ტონამდე საფერავი.

მოსავალი ამ ეტაპისთვის 15 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 287 მლნ ლარს აღწევს.

ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს. მათ შორის შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 15-მდე ლოკაციაზე იბარებს.

აღსანიშნავია, რომ საფერავის ჭარბი მოსავლის პირობებში მისი დროული დაბინავებისა   და ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე 1.50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას 1.50 ლარსა და მიღებულ საფასურს შორის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები