დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
COVID19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა - ჯანმო

COVID19-თან დაკავშირებული ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა - ჯანმო

05-05-2023 18:04:56

Covid19-თან დაკავშირებული გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. 

„გუშინ, საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მე-15-ჯერ შეიკრიბა და მირჩია, გამომეცხადებინა, რომ Covid19-თან დაკავშირებული გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა დასრულდა”, - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ამასთან, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19-ის გლობალური საფრთხე დასრულდა.

„ამიტომ, დიდი იმედით ვაცხადებ, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ COVID-19 დასრულდა, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე. გასულ კვირას COVID-19-მა ყოველ სამ წუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, - თქვა გებრეიესუსმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ ვირუსი რჩება და დარჩება მომავალშიც.

„ეს ვირუსი აქ დარჩება. ის კვლავ კლავს და ის კვლავ იცვლება. არსებობს რისკი, რომ გაჩნდეს ახალი ვარიანტები, რომლებიც გამოიწვევს ავადობისა და სიკვდილიანობის ახალ მწვერვალს. ყველაზე უარესი, რაც ახლა ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გააკეთოს, არის სიფხიზლის შესუსტება“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

გებრეისუსმა დასძინა, რომ ნებისმიერ დროს მზად არის, ხელახლა მოიწვიოს საგანგებო კომისია და გამოაცხადოს კორონავირუსის საფრთხე.

„თუ საჭირო იქნება, არ დავაყოვნებ კიდევ ერთი საგანგებო კომიტეტის მოწვევას, თუ COVID-19 კვლავ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამყაროს. გაითვალისწინეთ, რომ ჯანმო-მ არ გააუქმა კორონავირუსის პანდემია, არამედ მხოლოდ შეამცირა საფრთხის დონე“. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის მონაცემებით, ცნობილია თითქმის 7 მილიონი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი რამდენჯერმე მეტია - სულ მცირე 20 მილიონი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები