კომუნიკაციების კომისიის მიერ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად მეორედ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ „მაგთიკომი“ მიიღებს. კომპანიამ განაცხადი შემოიტანა ერთ კომბინირებულ ლოტსა და ცალკემდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში. კომბინირებულ ლოტებზე აუქციონები 18 ოქტომბერს, 700, 800, 3410-3710 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ცალკემდგომ ლოტებზე - 21 ოქტომბერს, ხოლო 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ცალკემდგომ ლოტებზე 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
5G-ის დასანერგად აუქციონი სულ 17 ლოტზე გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც 700, 3410-3710, ასევე 2600 მჰც დიაპაზონების სიხშირული ზოლები იყო გამოტანილი. 17 ლოტიდან ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტს ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი ჰქონდათ განსაზღვრული. ორივე მათგანი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს. გარდა 5G-ის დასანერგად გამოცხადებული ლოტებისა, აუქციონი 800 და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად დამატებით 4 კომბინირებულ ლოტზე იყო გამოცხადებული.
საგულისხმოა, რომ ComCom-ის გადაწყვეტილებით, გასული წლის აუქციონისგან განსხვავებით, ლიცენზიის მაძიებელ კომპანიებს MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა აღარ ჰქონდათ, რადგან ერთი მხრივ, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად სცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ვალდებულება კომპანია „სელფი მობაილს“ გასული წლის აუქციონის ფარგლებში უკვე დაეკისრა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ აუქციონის პირობებში MVNO-ს დაშვების ვალდებულების განსაზღვრა აუცილებლობად აღარ მიიჩნია. თუმცა, ოპერატორებს ორივე კომბინირებულ ლოტზე შეეძლოთ აერჩიათ MVNO-ს დაშვების ვალდებულება, რომლის შემთხვევაშიც, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც მოიპოვა ლიზენცია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ. ხოლო ის ოპერატორები, რომლებიც მოცემულ სიხშირეებს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.
5G ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აქტიური სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო. მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭირო პარამეტრები და პირობები კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის გადაწყვეტილებებისა და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა, ხოლო სიხშირული რესურსის საფასური ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია „EY“-ის ექსპერტებთან ერთად დაადგინა. რაც შეეხება წლევანდელ აუქციონს, აუქციონის საფასურის გაანგარიშებაზე კომუნიკაციების კომისიამ კვლავ კომპანია „EY“-სთან ითანამშრომლა.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
უახლესი