ჩვენი მიზანია სუნელების იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ და ბრენდი „ხომლი“, რომელიც „ფარკონის“ ქოლგის ქვეშაა 100%-ით ქართული გახდეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ფარკონის“ ექსპორტ-იმპორტის მენეჯერმა გიორგი ალფაიძემ გაუცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია სუნელებისთვის საჭირო ნედლეულის ადგილზე წარმოება. მაგალითად წითელი პილპილი, ბულგარული წიწაკა, იგივე ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, შესაძლებელია მათი კულტივირება და მოყვანა. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს ამ ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოები. ამიტომ ნედლეულის უმეტესობის იმპორტირება გვიწევს“, - ამბობს გიორგი ალფაიძე.
მისივე თქმით, კომპანიას ნედლეულის დიდი ნაწილი შემოაქვს. მათ შორის შავი პილპილი, რომელიც საქართველოში არ მოდის.
„ამ საკითხზე მუშაობს ჩვენი კომპანია. საცდელი პლანტაცია გავაკეთეთ. მალე გავალთ შედეგებზე. გადასამუშავებელი წარმოებაც გავამზადეთ, იმისთვის რომ ჩვენი ბრენდი „ხომლი“ 100%-ით ქართული იყოს. გვაქვს საშრობი დანადგარებიც“.
„ფარკონში“ 34 ადამიანია დასაქმებული.
1997 წელს დაფუძნებული კომპანია 2 საწარმოს ფლობს, სადაც ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების გადამუშავება მიმდინარეობს. სანელებლების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება სამკურნალო მცენარეები კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში გადის ექსპორტზე.
უახლესი