რა სიახლეები აქვს კომპანია „ბიოფარმს“, რომელიც ადგილობრივ და უცხოეთის ბაზრებზე ცნობილ ფაგებს აწარმოებს. რა სიახლეებს გეგმავენ და რა არის საწარმოს კონკურენტული უპირატესობა, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერ რატი ღოლიჯაშვილს ესაუბრა:
კომპანია ბიოქიმფარმი დაფუძნებულია 1999 წელს და მას გააჩნია თითქმის 100 წლიანი ისტორიული გამოცდილება ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით. ბიოქიმფარმი დაფუძნებულია ფაგების ისტორიულ საწარმოზე, რომელიც 1934 წელს შეიქმნა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ბაზაზე. კომპანია ფლობს თითქმის ასწლიან გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ ნოუ-ჰაუს ფაგების კვლევისა და წარმოების მიმართულებით.
რა არის თქვენი საწარმოს მისია და კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ პაციენტთან მივიტანოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართული უნიკალური ფაგები მთელს მსოფლიოში. იმ პაციენტებთან, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ინფექციებით იტანჯებიან.
დღესდღეობით კომპანიას რეგისტრირებული აქვს 15-ზე მეტი დასახელების პროდუქტი, ასაქმებს 72 ადამიანს, გააჩნია ორი საერთაშორისო პატენტი. ქართული უნიკალური ფაგები გადის 8 საექსპორტო ქვეყანაში. 2023 წლის 15 სექტემბერს ჩვენ მივიღეთ ევროპული სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი GMP სერტიფიკატი. ბიოქიმფარმი არის ერთ-ერთი იმ 4 კომპანიათაგანი, რომელიც შეესაბამება GMP სტანდარტს საქართველოში და ასევე ერთადერთი ინდუსტრიული მასშტაბის ფაგების წარმოება მსოფლიოში, რომელიც აღნიშნულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ახლადმოდერნიზებულ საწარმოს წლიურად 30 მილიონამდე ფლაკონის წარმოების შესაძლებლობა აქვს.
კომპანია აწარმოებს ყველასათვის საყვარელ ფარმაცევტულ პროდუქტებს, როგორიც არის მაგალითად, ფაგიოÒ და ფაგიო სპრეი, ასევე ფაგის სხვა,15 პრეპარატს, რომელიც იყიდება საქართველოსა და რეგიონში, დაახლოებით 8000 აფთიაქში.
GMP სტანდარტთან შესაბამის საწარმოსთან და პროდუქციის ევროპულ ხარისხთან ერთად, კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა საქართველოში არსებული ისტორიული კონტექსტი და ტექნოლოგიური გამოცდილებაა. საქართველო არამხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლოც არის. ფაგების ტექნოლოგიის მიმართულებით აკუმულირებული გამოცდილება და რამდენიმე თაობის, მულტიდისციპლინური პროფესიონალთა გუნდი, არის ის ორი ძირითადი საყრდენი, რომელიც გამოგვარჩევს სხვა ბიოფარმაცევტული კომპანიებისგან. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ჩვენი კომპანიის ბრენდისა და პროდუქტების (მაგალითად ფაგიო) მაღალი ცნობადობა, რაც ასევე წარმოადგენს კომპანიისთვის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას.
როგორია გაყიდვების დინამიკა და გადანაწილება ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტი?
გაყიდვებში ექსპორტის წილი წლიდან წლამდე ცვალებადი, თუმცა მზარდია, ექსპორტს მიუღწევია 60% -70%-მდეც. GMP სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ, ფოკუსირებული ვართ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდოთ რეგიონში, რათა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს ჩვენი ოპერაციები არსებულ ბაზრებზე. ასევე მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიემართება საექსპორტო არეალის ზრდას იმისთვის, რომ გავცდეთ რეგიონს და მოხდეს კომპანიის ინტერნაციონალიზაცია.
რომელ ქვეყნებში იყიდება ფაგები და როგორია მოთხოვნა წლიდან-წლამდე? კიდევ რომელ საექსპორტო ბაზრებს განიხილავთ?
ამ ეტაპზე ბიოქიმფარმის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ ბაზრებზე, 8 ქვეყანაში. ჩვენი ხედვა არის ქართული უნიკალური ფაგებით ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზრების ათვისება და ამ გეოგრაფიებში პაციენტების ფაგებით უზრუნველყოფაა.
რა სიახლეებს გეგმავთ 2024 წელს?
ზოგადად კომპანიის მისიაა, რომ რაც შეიძლება მეტი პაციენტისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი ფაგოთერაპია, განსაკუთრებით იმ პაცინტებისთვის, რომლებიც იტანჯებიან ანტიბიოტიკორეზისტენტობით გამოწვეული უნკურნებელი დაავადებებით. ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ახალი პროდუქტების შექმნისა და კომერციალიზაციის, ასევე არსებული პროდუქტების ახალი დანიშნულებით გამოყენების მიმართულებებით.
უახლესი