ბალტიისპირეთის ქვეყნებში წარმატებული ექსპორტის შემდეგ ჩირის მწარმოებელი ქართული ბრენდი ,,კერკი" პროდუქციას აშშ-ს ბაზარზეც გაიტანს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ წლის ბოლომდე აშშ-ში პირველი საცდელი პარტია გავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა ნინო რესულიძემ განაცხადა.
„ქართულ ბაზარზე პოზიციები საკმაოდ გავიმაგრეთ და პარალელურად ვცდილობთ ექსპორტის მიმართულების გაძლიერებას. 2023 წლიდან ტყლაპისა და ჩირის პირველი პარტია გავუშვით ბალტიისპირეთში, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოთხოვნა იზრდება. ახლა უკვე მილევადია ჩირის სეზონი, მარაგები ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვის გვაქვს განკუთვნილი. ექსპორტზე გაყიდვები განსაკუთრებით ოქტომბრიდან განახლდება.
ივნისში ნიუ-იორკის საკვები და სასმელი პროდუქტების გამოფენა Summer Fancy Food Show-ში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს და ახალი პროექტები დავსახეთ. უკვე წლის ბოლომდე აშშ-ში საცდელ პარტიას გავუშვებთ. ამ ეტაპზე ბიუროკრატიული საკითხები გვარდება", - ამბობს ნინო რესულიძე.
„კერკის" გეგმაშია წარმადობის ზრდა. როგორც კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი Business Insider Georgia - თან ამბობს, დიდი მოთხოვნაა ტყლაპებზე და გეგმავენ, რომ სამომავლოდ ტექნოლოგიური პროცესი უფრო დახვეწონ და წარმოების მასშტაბიც გაზარდონ.
ცნობისთვის, ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,კერკი" ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩურჩხელას სთავაზობს. საწარმო 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და სეზონურად 40-მდე ადამიანს ასაქმებს.
პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია.
კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა.
ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.
უახლესი
10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა11 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო