Business Insider Georgia „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის“ დირექტორ ზურაბ სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ზურაბ სიჭინავას შემდეგ თემებზე ესაუბრა: კომპანიის ისტორია; ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - ვადები; როგორია სამუშაოების მიმდინარეობა ანაკლიაში და სამომავლო გეგმები; ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V და მისი გამოცდილება; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა და გამტარუნარიანობა; ნავსადგური და შუა დერეფანი; პროექტის გავლენა ადგილობრივების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე.
ანაკლიის საზღვაო ნავსადგური არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და გთხოვთ, უფრო დეტალურად გვითხრათ „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური /Anaklia Sea Port-ის კომპანიის ისტორიისა და საქმიანობს შესახებ.
2023 წელს დაარსდა სახელმწიფო კომპანია - „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, რომლის ხელმძღვანელადაც დავინიშნე მარტში. მალევე, კომპანიის დაარსებიდან და ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დავიწყეთ უშუალოდ მოსამზადებელი სამუშაოები ტენდერის გამოსაცხადებლად, წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყების მიზნით.
დავიქირავეთ საერთაშორისო და გამოცდილი კომპანია „ჰადესი“ რომელთან ერთადაც შევიმუშავეთ სატენდერო დოკუმენტაცია. ეს არის საერთაშორისო საინჟინრო კომპანია, რომელმაც გაგვიწია დახმარება სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და ასევე, გამოცხადებული ტენდერის მართვაში.
ტენდერი, მათთან კონსულტაციისა და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ცოტა განსხვავებული მეთოდით გამოვაცხადეთ. ეს იყო საერთაშორისო ლიმიტირებული შერჩევის მეთოდი, რაც ნიშნავს, რომ წინადადებები დაეგზავნათ ე.წ. ევროპული დიდი ოთხეულის კომპანიის წევრებს Demme-სს, Boscales-ს, Vanort -სა და Yandoli-ს. ოთხი მოწვეული კომპანიიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა სამმა მოახერხა წინადადების შემოტანა. წინადადებების შემოტანას ხანგრძლივი პროცედურა დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ კონსულტანტების ჩართულობით ერთი გამარჯვებული გამოვლინდა.
გაიმარჯვა საკმაოდ გამოცდილმა ბელგიურმა კომპანია Jan De Nul N.V-მ, რომლის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, მათთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და 16 სექტემბრიდან კომპანიამ სამუშაოების განხორციელება დაიწყო.
თავის მხრივ, გარდა ამ ტენდერისა, მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. როგორც კი პროცესი დასრულდება და მათთან გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება, დავაარსებთ ერთობლივ საწარმოს, რომელთან ერთადაც, (პარალელურად წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა, რომელიც ამ პროცესს არ ელოდება), დავიწყებთ იმ სამუშაოების განხორციელებას, რაც ხმელეთზეა საჭირო.
კერძო პარტნიორის შერჩევა მნიშვნელოვანია და კარგია, თან პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაიწყო, რა ვადებს ითვალისწინებს აღნიშნული პროცესი და რას ნიშნავს ამ პროექტის დაწყება ქვეყნის ეკონომიკისთვისა და მისი მდგრადობისთვის?
სატენდერო დოკუმენტაციით, ხელშეკრულების შესრულებისთვის კონტრაქტორ კომპანიას აქვს დაახლოებით სამი წელი. ეს არის 970 დღე, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარემო პირობებს. რადგან წყალშია სამუშაოები, გასათვალისწინებელია უამინდობა, შტორმი და ამიტომ მაქსიმალურად დაზღვეული ვადაა აღებული, თუმცა არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო პრაქტიკა, რომ თუ გარემო პირობებმა და ბუნებამ ხელი შეუწყო, უფრო სწრაფად განხორციელდეს აღნიშნული სამუშაო.
სამუშაოები წყლის ინფრასტრუქტურის ნაწილში 16 სექტემბრიდან დაიწყო. ზოგადად პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ანაკლიის საზღვაო ნავსადგური არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული და სტრატეგიულ ჰაბის ნაწილი. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელდება. შედეგად ქვეყანას ექნება ღრმაწყლოვანი ნავსადგური და განვითარების სხვადასხვა ფაზები, რომელსაც პორტი მოიცავს და რომელიც დროშია გაწერილია. სხვადასხვა წლებში ჩატარდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მომზადდა გენერალური გეგმა. ამ გეგმის თანახმად პორტი რამდენიმე ფაზისგან შედგება.
ახლა რა სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე ანაკლიაში და როგორია სამომავლო გეგმები?
2024 წლის 16 სექტემბრიდან დაიწყო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს მოსამზადებელ პერიოდს. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწყობა, რათა შეუფერხებლად მოხდეს წყალში ჩასაწყობი ლოდებისა და იქსბლოკების დასაწყობება. ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე ეწყობა მისასვლელი გზა, გრუნტის ზედაპირი, ხდება შემოღობვა, ასევე კამერების მონტაჟი, რომ დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში მუშაობა.
უშუალოდ, მიმდინარე დღეებში იწყება ქვის ლოდების შემოტანა, რასაც თავისი ბიზნესპროცესები აქვს და სასწორები უნდა დამონტაჟდეს. ქვების შემოტანა და აღრიცხვა ხდება ტონაჟისა და კუბატურის მიხედვით, რომლის დასაწყობებაც ეტაპობრივად მოხდება.
ასევე დაიწყება ბეტონის წარმოების მოწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ იქსბლოკების წარმოება მოხდება ადგილზე. ტერიტორია საკმაოდ დიდია და ჩვენ კონტრაქტორს ვთავაზობთ, რომ გამოიყენოს დასასაწყობებლად, რადგან გამოსყიდულია წინა მშენებლობის დროს ის საჭირო მიწები, რაც უშუალოდ პორტს ესაჭიროება. ეს საშუალებას მისცემს მშენებელს, რომ დროში უფრო მომზადებული შეხვდეს პროცესის დაწყებას ქვებით, იქსბლოკებითა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა ტექნიკით.
სამუშაოების რა ნაწილში ჩაერთვება ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V და როგორია მისი გამოცდილება?
ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V სამუშაოებში ჩართულია პირველივე დღიდან ქვეკონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ერთად, თუმცა უშუალო სამუშაოები რაც უნდა განახორციელოს, ესაა ზღვის ფსკერის დამუშავება, რაც კომპანიამ დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ აქვს საკუთარი დამღრმავებელი ფლოტი. როდესაც ლიმიტირებული შერჩევა მოხდა ეს ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რადგან ეს ოთხი კომპანია ფლობს მსოფლიო დამღრმავებელი ფლოტის 80%-ს. შესაბამისად, უშუალოდ ამ კომპანიამ რაც დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს არის აკვატორიის, შემოსასვლელი არხისა და ზღვის ფსკერის დაღრმავება.
კომპანია საკმაოდ გამოცდილია და სპეციალიზდება საზღვაო სამუშაოებზე. კერძოდ, მონაწილეობდა პანამის არხის გაფართოების პროექტში, მათ განახორციელეს ჰამბურგის პორტის დაღრმავება, ასევე მაროკოში აქვთ პორტები აშენებული, რაც იმას მიუთითებს, რომ ბელგიური Jan De Nul N.V არის საკმაოდ გამოცდილი. მოხარული ვართ, რომ ასეთი კომპანიაა ჩართული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რამდენიმე ფაზად იყოფა, პირველი ფაზის ფარგლებში როდის ველოდებით პირველ სატვირთო გემს ანაკლიაში და როგორი იქნება მისი გამტარუნარიანობა?
პორტის მშენებლობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და შედგება რამდენიმე ფაზისგან. პირველი ფაზის მშენებლობის დროს წინასწარი გათვლებით მოსალოდნელია, რომ პორტმა დაამუშაოს 600 ათასი ტონა TEU რაც არის 8 მილიონი ტონა ტვირთი. ფაზების განვითარება ხდება ეტაპების მიხედვით, რაც გენერალური გეგმითაა დადასტურებული. როცა ერთი ფაზა დასრულდება, მეორე ფაზის მშენებლობა იწყება მაშინ როდესაც მიაღწევს წინა ტვირთბრუნვის 80%-ს.
წყლის ინფრასტრუქტურის სამუშაოები 970 დღეზეა გათვლილი, თუმცა პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მანდაც და მანამდეც მოსახლეობას საკმაოდ მოზომილი თარიღი შესთავაზა - 2029 წელი პირველი გემის მიღების ვადაა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და ყველას ჩართულობით, ბევრად უფრო მალე იქნება შესაძლებელი პირველი გემის მიღება.
ფაქტია, ნავსადგურს გავლენა ექნება საქართველოს როლზე შუა დერეფნის ნაწილში, დერეფანში ტვირთების პროგნოზის გათვალისწინებით, როდის დგება შემდგომი ფაზების განხორციელების აუცილებლობა და რა ეტაპზე დავაკმაყოფილებთ იმ მზარდ მოთხოვნას რაც არსებობს და მომავალშიც იქნება?
გადატვირთულია ნავსადგურები და საქართველოში გვაქვს ტვირთების გამტარუნარიანობის ზრდა წინა წლებთან შედარებით. თუმცა, არ გვაქვს ინფრასტრუქტურა სათანადოდ მომზადებული და ღრმაწყლოვანი ნავსადგურია საჭირო, რადგან არსებული ინფრასტრუქტურით რთულია ისეთი გემების მიღება, როგორიცაა პანამაქსი ან პოსტპანამაქსი. ჩვენი გათვლებით, ისე გაქვს დაპროექტებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, რომ მომავალში შევძლებთ ასეთი დიდი გემების მიღებას. ქვეყანას ექნება პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური და როგორც შუა დერეფნის ჭრილში, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქვეყნისთვის. პორტის მშენებლობა წინასწარი დამტკიცებული გეგმის მიხედვით შედგება 9 ფაზისგან და ფაზა ფაზას ავითარებს.
რა ეფექტს მოგვცემს ასეთი დიდი გემების შემოსვლა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში?
ჩვენი ინფრასტრუქტურა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ტიპის გემები მივიღოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შესაძლებელი იქნება ყოველ თვე ან კვირაში ერთხელ. მომავალში რომ იყოს პორტი უფრო განვითარებადი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი, ფაზების განვითარებასთან ერთად, გვექნება ამ ტიპის გემების მიღების შესაძლებლობა.
როცა ვერ შედის პანამაქსის გემი პორტში, სიღრმეში უწევს გაჩერება და საჭიროა დამატებითი გემები ტვირთის გამოსაცლელად და ბიზნესპროცეს შესაძლოა, სამი კვირა დასჭირდეს, როცა პორტში შემოსვლისას უფრო მარტივად გამოსაცლელია და ფინანსურადაც უფრო სარგებლიანია. ჩვენ ველოდებით ტვირთბრუნვის გაზრდას, დიდი გემი უფრო მეტ ტვირთს აწვდის ნავსადგურს, რასაც საშუალებას მისცემს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურა.
რა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული პროექტი კონკრეტულად სამეგრელოს რეგიონისთვის და ანაკლიისთვის? როგორ აისახება ის ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე?
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, მოჰყვება თანმდევი დასაქმების ნაწილი. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს როგორც მშენებლობის, ისე შემდგომი ოპერირების პროცესში.
წინასწარი გათვლებით, მშენებლობის პროცესში შესაძლოა დასაქმდეს 300-დან 500 ადამიანამდე. პირდაპირი ოპერირების პროცესში იქნება 300 და მეტი სამუშაო ადგილი. ხოლო პირველი ფაზის ოპერირების ფარგლებში შეიქმნება კიდევ 300 და მეტი სამუშაო ადგილი. ასევე ლოგისტიკური მიმართულებით პროექტი შექმნის 1 700 სამუშაო ადგილს.
ფლოტი საინტერესოა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი მოსახლეობისთვის. მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში, ასევე შესაძლებლობა რომ აფხაზეთში წარმოებული პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. გაიზრდება ექსპორტ-იმპორტი. ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმებასთან ერთად გაუუმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზი მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია.
ქვეყნისთვისა და რეგიონისთვის პორტის მშენებლობა დამატებითი სამუშაო ადგილების გარდა არის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანას ჰქონდეს პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელიც შეძლებს მოემსახუროს მაღალ ტვირთბრუნვას და იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც შუა დერეფნის, ასევე ზოგადად გეოპოლიტიკურ ჭრილში.
უახლესი