მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2024 წელი არ დასრულებულა სასტუმრო Crowne Plaza Borjomi 2025-2026 წლებზე ჯავშნებს აქტიურად იღებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ასისტენტმა ნინო ხაჩიძემ განაცხადა, მომავალი წლისთვის სასტუმროში აქტიურად შედის ჯგუფური ჯავშნები დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ყაზახეთიდან.
„ამ პერიოდისთვის დატვირთულობის მხრივ 60-70%-იან მაჩვენებელს ვინარჩუნებთ. სტუმრები ძირითადად გვყავს ჩინეთიდან, ტაილანდიდან, ჯგუფებს ვუმასპინძლეთ ასევე ინდოეთიდანაც. ასევე გვყავდა ჯგუფები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ევროპიდან და ბრიტანეთიდან.
რაც შეეხება კორპორატიულ სეგმენტს, აქ უკვე ქართველები ჭარბობენ, იმიტომ, რომ ამ სეგმენტში მოთხოვნაა დაბადების დღეებზე, კორპორატიული ღონისძიებების მოწყობაზე და სხვადასხვა სახის წვეულებებზე, და რა თქმა უნდა მოთხოვნაა კონფერენციებსა და ღონისძიებებზე“, - განმარტავს ნინო ხაჩიძე.
უცხოელი სტუმრები გარდა სასტუმროში ღამისთევისა Crowne Plaza Borjomi-ს მაგალითზე აქტიურად სარგებლობენ სარესტორნო მომსახურებითა და ასევე სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრის სერვისებით.
„სპა-ცენტრზე ძალიან გაზრდილია მოთხოვნა ბრიტანეთიდან ჩამოსული ჯგუფების მხრიდან. თუ შედარებას გავაკეთებთ, გეტყვით, რომ ბრიტანელები ამ სერვისის აქტიური მომხმარებლები არიან. გამაჯანსაღებელი ცენტრი საკმაოდ დაიტვირთა ასევე ყაზახეთიდან ჩამოსული სტუმრების მხრიდანაც. ასევე გარედანაც შემოდიან ყაზახეთიდან ჩამოსული სტუმრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გამაჯანსაღებელი პაკეტებით. სარესტორნო მომსახურებით კი ძირითადად ჩინეთიდან და ტაილანდიდან ჩამოსული სტუმრები უფრო აქტიურად სარგებლობენ“, - აცხადებს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ასისტენტი.
იმისათვის, რომ სასტუმრომ (Crowne Plaza Borjomi) მეტი სტუმარი მოიზიდოს, დეკემბერში ჩინეთში გეგმავენ B2B შეხვედრების გამართვას.
„დეკემბრის თვეში ჩინეთში გაქვს B2B შეხვედრები და რაც სამომავლოდ საკმაოდ კარგი შედეგების მომტანი იქნება. შეხვედრები ძირითადად გვექნება ჩინეთის ტუროპერატორებთან“, - განმარტავს ნინო ხაჩიძე.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან ჯავშნებს, დიდი ბრიტანეთიდან 2025-2026 წლები უკვე აქტიურად იგეგმება, მით უმეტეს, რომ 2025 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, პირდაპირი ფრენების აღდგენაა გეგმაში.
„2025-2026 წლები სასტუმროში დიდი ბრიტანეთიდან უკვე აქტიურად იჯავშნება.ამ მიმართულებიდან არანაკლებ საინტერესო იყო 2024 წელიც. უკვე გარანტირებულად დადასტურებული ჯგუფების ჯავშნები შემოდის, როგორც 2025, ასევე 2026 წელზე. ასევე საინტერესო ჯგუფებს ვმასპინძლობთ ნორვეგიიდან. აქტიურად ვთანამშრომლობთ ნორვეგიულ ტუროპერატორებთან და მომდევნო წელზეცაა უკვე მოთხოვნები შემოსული“, - განმარტავს ნინო ხაჩიძე.
ირკვევა, რომ ახალი წლის დღეებში სასტუმრო ოთახების ნახევარი უკვე დაჯავშნილია.
„ოთახების ნახევარი უკვე გაყიდულია. საახალწლო დღეებზე ჩვენს სასტუმროში გაჩერებაზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება ჩვენს სასტუმროში დაგეგმილ გრანდიოზულ ახალ წელს, 31 დეკემბერს გვესტუმრება ლელა წურწუმია, ხოლო 1-ელ იანვარს დუეტი ჯორჯია. ასე, რომ სრულად განსხვავებული ახალი წელი გვექნება. სტუმრებს ასევე ვთავაზობთ გალა ვახშამს“, - განმარტავენ სასტუმროში.
უახლესი