Business Insider Georgia-სთან Metro Logistics-ის დამფუძნებელი და დირექტორი თემურ გუმბერიძე ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას აფასებს.
ბიზნესმენი, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ ეთანხმება.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩემი აზრითაც სწორია, გამომდინარე იქიდან, რომ 1-1,5 წლის წინ სახელმწიფომ რეზერვები საკმაოდ კარგად შეავსო, რაც გამოწვეული იყო რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაზრდილი ეკონომიკიდან გამომდინარე. რეფინანსირების განაკვეთის იგივე ნიშნულზე დატოვება დღეისათვის ალბათ ლოგიკური იყო. რეალურად მის შეცვლას შესაძლოა, ბევრად უარესი შედეგი მოეტანა, ვიდრე მის უცვლელად დატოვებას“,- განაცხადა თემურ გუმბერიძემ.
Metro Logistics-ის დამფუძნებლის შეფასებით, მნიშვნელოვანი საკითხია ინფლაცია, რომელიც ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საკმაოდ კარგ ნიშნულზეა. „მაგრამ რეალობას თუ თვალს გადავავლებთ ჩემი აზრით, საკმაოდ გაზრდილია ინფლაცია უშუალოდ მოხმარების კალათის მიხედვით და ზოგადად ჩვენი ლოგისტიკის მიმართულებითაც. რადგანაც ფასები მერყეობს და ეს მერყეობა გამოწვეულია მსოფლიოში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებით და გაურკვევლობით. პროდუქციის ფასის გაძვირება განპირობებულია ტრანსპორტირების გაძვირებიდან გამომდინარე და ცხადია ეს ყველაფერი მოქმედებს ინფლაციაზე“, - აღნიშნავს თემურ გუმბერიძე .
Metro Logistics-ის დამფუძნებელი ასევე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ამ პროცესების საინვესტიციო გარემოზე გავლენის შესახებაც საუბრობს.
„რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს დემონსტრაციებს და ასე შემდეგ და ასევე სახელმწიფოს პოლიტიკას, ეს ყველაფერი ყველაზე ცუდ რაღაცას იწვევს და ეს ცუდი რაღაცა არის ინვესტიციების შეჩერება. რეალურად კრიტიკული დონეა. უშუალოდ ჩვენი კომპანიის მაგალითსაც თუ მოვიშველიებთ რამდენიმე ევროპელმა პოტენციურმა ინვესტორმა დროებით გადადო გარკვეულ პროექტებში ინვესტირება. რაც ჩვენთვისაც ცუდია და ქვეყნისთვისაც ცუდია. დარწმუნებული ვარ სხვა კომპანიებიც დგანან მსგავსი ფაქტის წინაშე. ალბათ, ახლანდელი ნაბიჯები მრავლის მთქმელი არ იქნება, რადგანაც დამოკიდებულები ვართ პროცესები, როგორ წავა და ეს პროცესი სანამდე მიგვიყვანს. თუ ყველაფერი სასიკეთოდ წავიდა და ამ სასიკეთოში იგულისხმება სახელმწიფოს პოლიტიკის სტაბილურობა, ინვესტორებისათვის სწორი ფონის შექმნა და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვართ, რომ მეტ-ნაკლებად ყველაფერს გადავლახავთ მაგრამ ეს პრობლემები თუ უფრო სიღრმეში შევიდა და უფრო გამზარდა და ინვესტორები გავიდნენ - ეს ყველაფერს ფონს უფრო დაამძიმებს.
საწუხარია ის, რომ დღევანდელი სიტუაცია უფრო მეორე სცენარისკენ იხრება, როდესაც ინვესტორები თავს იკავებენ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებაზე. მთავარი პრობლემა ის, რომ ინვესტორებისთვის არასტაბილური ბაზარი გავხდით და საჭიროა, რომ ეს ყველაფერი დროულად მოგვარდეს, რომ არ ვიქცეთ არამიმზიდველ ბაზრად განსაკუთრებით დასავლელი და ევროპელი ინვესტორებისათვის. ბიზნესში უმნიშვნელოვანესია პრესტიჟი, სახელი, სანდოობა, სიმშვიდე და ჩვენს რეგიონში არასტაბილური ფონის მიუხედავად, ქვეყანას მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა ეს სიკეთეები. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ინვესტორებისთვის ისევ მიმზიდველი“, - განაცხადა Metro Logistics-ის დამფუძნებელმა.
უახლესი