დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესი და ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

11-12-2024 13:05:00

შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ბიზნესი და საქართველოს ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე და თუ რამეს შერყევა უნდათ დღეს, ეს არის სწორედ საქართველოს ეკონომიკა და თუ ვინმეზე ზეწოლაა ამ პერიოდის განმავლობაში, ვნახეთ ზეწოლა ბიზნესმენებზე, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

გიორგი აბაშიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლები, როგორც პროდუქციის ისე საერთო ბრუნვის მიმართულებით აღმავალია.

“განვაგრძოთ Business Insider Georgia-ს თემები და ვისაუბროთ საქართველოს ეკონომიკაზე და მხოლოდ ფაქტებზე. ვინაიდან ემოცია ძალიან დიდი იყო,არასწორი ეკონომიკური შეფასებები გაკეთდა, მაგრამ წმინდა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ახლა ვისაუბროთ თუ სად არის საქართველოს ეკონომიკა ახლა და რა ხდება იმ დროს, როდესაც არის პოლიტიკური ტურბულენცია და როდესაც არის მღელვარება.

ეს არ არის საქართველოს ნოუჰაუ, თუ რა ემართება ასეთ დროს საქართველოს ეკონომიკას, რა ემართებათ ზოგადად ეკონომიკებს, რა ემართება ლარის კურსს. ასეთ დროს ადამიანებს აინტერესებთ, თუ როგორი იქნება შემდეგი პერსპექტივა.

მოდით ვნახოთ სად არის ახლა საქართველო და სად ვიყავით აქციებამდე.

მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“, საქართველო 50 ქვეყანას შორის, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად პირველ ადგილზეა.

მოგეხსენებათ, რომ პირველ სამეულში ქვეყნის ყოფნა ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დიახ, ეს არის მსოფლიო ბანკის შეფასება და არა რომელიმე ადგილობრივი ორგანიზაციის.

გერმანიის ეკონომიკური გუნდის (GET) შეფასებით, თუ რატომ ირჩევენ ბიზნესები საქართველოს. ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ხშირად საქართველოს კრიტიკა მომდინარეობს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენ სულით და გულით ჩვენი პარტნიორები გვგონია. ამიტომ გამოვიყენე მათივე ანალიტიკოსების შეფასება და დიახ, გერმანიის ეკონომიკური გუნდის შეფასებით, ინვესტორები იმიტომ ირჩევენ საქართველოს, რომ ბიზნესისთვის არის უსაფრთხო გარემო, საქართველოს ბაზარზე შესვლა არის მარტივი, საქართველოში არის ცხოვრების ხელმისაწვდომობა და საქართველოში არიან დაცულები დევნისგან და ასევე საქართველოში ბიზნესის დაწყება გამარტივებულია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამას გერმანიის ეკონომიკური გუნდი გვეუბნება. ასე რომ, როდესაც საქართველოს შეფასებაზე ვსაუბრობთ დავივიწყოთ ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასება, თუნდაც ხელისუფლების შეფასებები და შევხედოთ რას გვეუბნება გერმანიის ეკონომიკური გუნდი.

კიდევ ერთი თემა, თუ რას ვიღებთ საერთაშორისო შეფასებებისგან, მოდით ვნახოთ სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშია საქართველოში ბიზნესი.

ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლების მიხედვით, როგორც პროდუქციის, ისე საერთო ბრუნვის მიმართულებით არის აღმავალი. ანუ ბიზნესი არის საკმაოდ აქტიური და აქტიური ბიზნესი კი ნიშნავს ქვეყნისთვის მეტ შემოსავლებს. აქტიური ბიუჯეტი ნიშნავს გაზრდილ ბიუჯეტს.

სხვათა შორის გუშინ დამტკიცდა ბიუჯეტი გაზრდილი პარამეტრებით, სადაც საკმაოდ საინტერესო სოციალური მიმართულებებია და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ.

დიახ, ჩვენ გაქვს ძლიერი ბიუჯეტი. ბიუჯეტის ზრდაში არის ჩადებული პენსიების ინდექსაციით ზრდა, ეს სწორედ ბიზნესის ბრუნვის დამსახურებაა. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ბიზნესი და საქართველოს ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარე. თუ რაიმეს შერყევა უნდათ დღეს არის სწორედ, რომ საქართველოს ეკონომიკა. თუ ვინმეზე ზეწოლაა და ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ ზეწოლა ბიზნესმენებზე. სოლიდური ბიზნესმენები და ბიზნესმენების დიდი ნაწილი არ აღიქვამს ღრმად სერიოზულ საკითხად, თუმცა ეს ზეწოლა გრძელდება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

რუბრიკაში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობასა და ამ მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკაზეც ისაუბრა. 

გიორგი აბასიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იხატება აპოკალიფსი, თუნდაც ინვესტიციების შემოდინებებთან დაკავშირებით, ბიზნესის უმეტესობა ამ მიმართულებით აქტიურობას ინარჩუნებს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოსთან მიმართებით უამრავი ლეგენდა ქვეყნდება. ვინ არიან დღეს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები? ბიზნესი, რომლის ბრუნვსა და პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელზე უკვე ვისაუბრეთ.

ათასნაირი ლეგენდის ქვეშ ვართ, რომ თურმე რუსეთია მთავარი სავაჭრო პარტნიორი და თურმე აზიის ქვეყნები არიან ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები. რა თქმა უნდა ჩვენ ვვაჭრობთ ყველასთან.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ვაჭრობის კუთხით ყველაზე სანდო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი 2022-2023 წლებში იყო ევროკავშირი.

მოდით დავაკვირდეთ საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს და მარტივი შედარება გავაკეთოთ თუ რა იყო 2003-2012 წლებში და რა მდგომარეობა იყო 2013-2022 წლებში. სადაც ვხედავთ ზრდას და ეს არს ციფრები და შეუძლებელია აქ მოიტყუო. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე ხომ შეგვიძლია, რომ ფაქტებზე ვისაუბროთ? ეს ფაქტებია, რომელსაც ვერ დამალავ.

ამასობაში საქართველო ერთგულია საერთაშორისო სანქციების. არ არსებობს შენიშვნა ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველომ რაიმე ფორმით საერთაშორისო სანქციები უგულებელყო.

უფრო მეტიც, საქართველო ძლიერად იცავს საერთაშორისო სანქციებს, მაგრამ საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა და ჩვენი ქვეყანა არ უწესებს ორმხრივ სანქციებს, მათ შორის რუსეთს. მაგრამ საქართველო ღია ტექსტით ამბობს, რომ რუსეთთან ვაჭრობს.

მაგრამ არიან ქვეყნები, რომელიც მოგვიწოდებენ, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და ესენი არიან ქვეყნები, სადაც დიდი „შავი ხვრელია“ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

გაგიგიათ თუ არა ლატვიური ვისკი? არა, ვისკი მე ვიცი შოტლანდიური. მაგრამ ვიცით თუ არა, რომ რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი შემტანი ლატვიაა. საიდან? გაგიგიათ თუ არა ლიეტუვური ღვინო? ევროკავშირში ალბათ უფრო გაგვიგია ფრანგული ღვინო, იტალიური ღვინო, გერმანული ღვინო და სხვა. ვიცით თუ არა ვინ არის რუსეთში ღვინის მსხვილი შემტანი? - ლიეტუვა.

ლიეტუვა და ლატვია, რომლებიც რუსეთის ალკოჰოლით მომარაგებაში პირველ ადგილზე არიან, გასარკვევია თუ საიდან აქვთ ვისკის წარმოება, ღვინოს წარმოება და დღეს მოუწოდებენ საქართველოს, რომ თურმე სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს.

უკაცრავად, მაგრამ ეს არის „შავი ხვრელები“, რომელიც მანდ არის და იქნებ მათ გამოსწორებაზე ვიფიქროთ. „დოიჩე ველე“, „ევრონიუსი“, „ფაინეშელ ტაიმსი“ - არიან ის გამოცემები, რომლებიც ამის შესახებ ღიად წერენ.

ინვესტიციების ნაწილში ხდება ხოლმე სოლიდური ზეწოლა, რომ საქართველოში არ ხორციელდება ინვესტიციები და ზოგადად აპოკალიფსური სურათის დახატვა ხდება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს ბიზნესის მსხვილ წარმომადგენლობას, მშპ-ს შემქმნელების 75%-ზე მეტს, და შევხედავთ თუ რა არის მოლოდინები, ბიზნესების 58%-ი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გაზრდიან ინვესტიციებს.

მაგრამ რა ხდება ამ შემთხვევაში? ხდება რაღაცა ალტერნატიული მინი შეკრებები ე.წ. ბიზნესის. ბოლოს ერთი შეკრება ვნახე, სადაც 5%-ი თუ იყო ბიზნესი. დანარჩენ შემთხვევაში არ ვიცი ვინ იყვნენ ის ადამიანები, ტიტრებით იყვნენ ბიზნესმენები, ანუ ტიტრებში ეწერათ, რომ იყვნენ ბიზნესმენები, თორემ ისე ვინ იყვნენ კაცმა არ იცის და ხდებოდა მოწოდება გაფიცვებთან დაკავშირებით.

იმაზე კარგ პასუხს, რაც საქართველოს ბანკმა თქვა, რომ გაფიცვა ამ შემთხვევაში არის მომხმარებლების ინტერესების დამზიანებელი, ამაზე კარგად მე ვერც შევაფასებ და ვერც ვიტყვი. ასეთია სოლიდური ბიზნესის პოზიცია.

საინტერესოა, რომ ის ტელევიზიები და მათი ერთ-ერთი მინი ფილიალი, ის პარტიული ტელევიზიები, რომელიც გაფიცვის შესახებ საუბრობდნენ, მათდამი ლოიალურად განწყობილი ბიზნესიც კი ვერ მოიმხრეს. არათუ ბიზნესი, რომელიც არის ნეიტრალური და ესმის რას ნიშნავს გაფიცვა.

მარტივად, რომ ვთქვათ, ერთი დღით საბანკო სექტორის გაფიცვა ნიშნავს, ცარიელ ბანკომატებს, პანიკებს აფთიაქებში, პანიკებს სურსათის მაღაზიებში და ჩამოქცევას ქვეყნის ეკონომიკის. თუმცა მესმის, რომ მომხმარებლის ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე კი არ არის ამ შემთხვევაში საუბარი, არამედ საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევაზეა საუბარი და ეს არის სამწუხარო.

როდესაც ვსაუბრობთ თუ საიდან შემოდის საქართველოში ინვესტიციები, აქაც არის საუბარი იმაზე, რომ თურმე საქართველოში არის გაურკვეველი ინვესტიციები. TOP 3 ინვესტორი ქვეყანა, მაგალითად 2024 წელს, პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, ესენი არიან: ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

არჩევნების შემდეგ Georgian Capital-მა ნიდერლანდებიდან თითქმის 100 მლნ-ის ინვესტიციის მოზიდვა მახერხა. ასე, რომ აპოკალიფსზე საუბარი არის აბსოლუტურად უადგილო.

გაფიცვებზე მოწოდებებმა გამახსენა ისტერიკა ნამახვან ჰესთან დაკავშირებით.

საუბარია იმაზე, რომ ნამახვან ჰესმა საქართველოს სახელმწიფოს მოუგო დავა. დიახ მოუგო, იცით რის გამო მოუგო? ის ადამიანები, რომელიც დღეს გაფიცვას ითხოვენ, მაშინ აკეთებდნენ რუსულ საქმეს. ნამახვან ჰესს უშლიდნენ ფუნქციონირებას და დიახ, თუ ვინმეს ინტერესში შედიოდა, რომ ნამახვან ჰესი არ ყოფილიყო საქართველოში ეს იყო რუსეთის ინტერესი.

თუ ვინმეს ინტერესში შედიოდა, რომ ყოფილიყო ნამახვან ჰესი და მეტი ელექტროენერგია მიეღო, ეს იყო საქართველოს ინტერესში და ეს იყო ევროკავშირის ინტერესში.

როდესაც ვსაუბრობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელზე, დიახ, ამ ელექტროკაბელში უნდა გაიაროს ელექტროენერგიამ. დიახ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება. დიახ, თუ ვინმეს ინტერესში შედიოდა პროექტის ჩაშლა, ეს იყო რუსეთი.

ნამახვან ჰესის პროექტის ჩამშლელებმა რუსეთის თამაში ითამაშეს და დღეს ვინც ბიზნესს მოუწოდებს, რომ ანალოგიურად მოიქცეს, თამაშობს რუსეთის თამაშს.

ვინაიდან ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს, რომ შუა დერეფანი შედგეს, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს რომ ანაკლიის პორტი აშენდეს, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს რომ საქართველოში იყოს ძლიერი ენერგეტიკული სისტემა ეს არის რუსეთი. დღეს, ბატონებო, თამაშობთ რუსეთის თამაშს, როცა ბიზნესს ესხმით თავს“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა Fitch-ის მიერ სულ ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგიც შეაფასა და ლარის კურსის ცვალებადობაც მიმოიხილა.

„სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი, რომელშიც უცვლელია, თუმცა პერსპექტივა ნეგატიურისკენ არის შეცვლილი. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება რას უკავშირდება? ის ძირითადად გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად შექმნილი დაძაბულობისა და არეულობის ფონი გამო.

დიახ, ამ მონაცემს ჩვენ თვითონვე ვაზიანებთ. ეს არის Fitch-ის რეიტინგი და არა ჩემი სიტყვები. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს დადებითი პერსპექტივა ამ ნაწილში და სწორედ ასე ფასდება ინვესტორების მხრიდან საქართველო. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დაძაბულობა ყოველთვის არის რაც პრობლემას შექმნის.

თუ შევხედავთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებს, არჩევნებამდე პერიოდში არის გარკვეული კლება, როდესაც აპოკალიფსი იყო დახატული, არჩევნების შემდეგ ვითარება დასტაბილურდა და სამივე შემთხვევაში აქციების ფასმა დაიწყო ზრდა. სამივე შემთხვევაში არჩევნების შემდეგ ვხედავთ ნახტომს, არჩევნების შემდეგ ბიზნესმა იგრძნო სტაბილურობა. არჩევნების შემდეგ, როგორც კი დაიწყო პოლიტიკური მღელვარება ქვეყანაში ბუნებრივია ეს შეეტყო აქციებსაც. საბედნიეროდ, აქციები იმ მაჩვენებელზე არ არის ჩამოსული როგორი ისტერიული ფონიც იყო არჩევნების წინ. მაგრამ კლება იყო. თუმცა, საბედნიეროდ, მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ სამი ქართული კომპანიიდან ორმა დღე აღმავალი დიაგრამით დაასრულა.

შემდეგი საკითხია ლარის კურსის დინამიკა. აქაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის წმინდა პანიკური შეტევა ლარის კურსზე. ხედავთ მრუდის დაწევას, ეს იყო მაშინ, როდესაც პოლიტიკური მღელვარება დაიწყო ქვეყანაში. შემდგომ ვხედავთ ლარის წონასწორული მაჩვენებლისკენ სვლას. ბუნებრივია, ნორმალიზება ხდება. ცხადია, ლარი არის თავისუფალ მცურავ გაცვლით რეჟიმში, რაზეც ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ცხადია, რომ ნორმალიზებას დაჭირდება მეტი დრო.

სამწუხაროდ, პანიკა სწრაფად გვაზარალებს და ნორმალიზებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. ლარის კურსს თუ ევროსთან მიმართებითაც დავაკვირდებით, აქაც იგივე მდგომარეობაა: სწრაფი ვარდნა, შემდეგ ნორმალიზება, ტუბრულენცია. გუშინ ლარის გამყარება შეიმჩნეოდა ევროსთან მიმართებით. ანუ ვხედავთ, რომ ეს იყო წმინდა აჟიოტაჟური ფაქტორები.

რეალურად ლარის კურსზე გავლენას ახდენს ოთხი ფაქტორი: ექსპორტი, ტურიზმი, გადმორიცხვები, ინვესტიციები.

როდესაც ეს ფაქტორები არის ნორმალური, როცა ამ ფაქტორებში გაქვს პოზიტიური დინამიკა, ჯამში ამ ფაქტორთა უმრავლესობაში გაქვს პოზიტიური დინამიკა, ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება.

როდესაც ქვეყანაში გაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, როცა გაქვს მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი ინფლაცია, შეუძლებელია ლარის კურსს საფრთხე ემუქრებოდეს ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე. ერთადერთი რის გამოც საფრთხე შეიძლება ლარის კურსს ემუქრებოდეს ეს არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევა.

მოდით ვნახოთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელ ქვეყნებში იყო პოლიტიკური ტურბულენცია. ეს არის სამხრეთ კორეა, ვიცით რომ იქ სანაგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და სახეზეა ეროვნული ვალუტის კურსს ვარდნა.

გვახსოვს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ამ პერიოდში ვხედავთ თუ რა ემართება რუმინეთის ეროვნული ვალუტას და მოლდოვა, ხშირად ახსენებენ ხოლმე და არ ვიცი ეკონომიკური პარამეტრებით საქართველოსა და მოლდოვის შედარება როგორ შეიძლება, მაგრამ რადგან კანდიდატები ვართ იყოს მაინც. მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნებისა და პოლიტიკური მღელვარების დროს ვალუტის კურსი ქვემოთ ჩამოვიდა.

საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საარჩევნო პერიოდში, ლარის კურსი შენარჩუნებული იყო. ამაზე ხდებოდა სებ-ის დამუნათება, რამეთუ რეზერვების მიწოდება მოახდინა, დიახ, სწორი მიწოდება მოახდინა. შემდეგ აქციების პერიოდში ვხედავთ ვარდნას და შემდგომ ისევ გამყარებას. ანუ იმ სამი ქვეყნის შედარებას სადაც პოლიტიკური დაძაბულობა იყო საქართველო უფრო სწორად გაუმკლავდა პოლიტიკურ დაძაბულობას. მათ შორის ამ პერიოდის განმავლობაში სებ-მა მოახერხა რეზერვების შეძენა. ჩემი ინფორმაციით, არც ერთი დოლარის რეზერვი არ დახარჯულა ბოლო კრიზისის დროს აქამდე და ეს ყველაფერი იყო ბაზრის წონასწორული მდგომარეობისკენ სვლა, სწორედ იმიტომ, რომ ჭარბი ვალუტა იყო მიწოდებული. სებ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რამდენად სწორად მოიქცა არჩევნების დროს და რამდენად სწორად იქცევა ამ მოქმედებებში და ზოგადად მთელი წლის განმავლობაში.

და ბოლოს დავასრულებ Fitch-ის შეფასებით, სწორედ Fitch-დან გამომდინარე, სადაც სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ხდება პოლიტიკური მღელვარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა პარამეტრი, ფისკალური პარამეტრი, საბიუჯეტო მაჩვენებლები, მონეტარული პარამეტრები, საბიუჯეტო დეფიციტი, ინფლაციური მაჩვენებელი - აქ რისკები არ არის. პირიქით, ყველაფერი გაუმჯობესების მიმართულებით ხდება. Fitch-ის შეფასებითვე, მომდევნო წლებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება და საქართველო კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. და რა თქმა უნდა Fitch-ის მნიშვნელოვანი შეფასება, რომ შიდა პოლიტიკური რისკის შემცირება, კვლავ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე.

ეს არის მხოლოდ ფაქტები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ნებისმიერ შემთხვევაში ყოველგვარი ისტერიკების და პანიკების გარეშე თუ ვინმეს საუბარი სურს ვისაუბროთ ფაქტებით. ჯერ ფაქტებზე მოვახდინოთ რეაგირება და შემდეგ ემოციური ფონი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები