ჰოლდინგი Biodiesel Georgia • ბიოდიზელი ჯორჯია ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას 2026 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას ჰოლდინგის დამფუძნებელს მურმან პატარაიამ განაცხადა ინვესტიციის მოცულობა 5 მლნ ევრომდეა.
„Biodiesel Georgia-ს ახალი გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მნიშვნელოვანი გადახრები სამშენებლო ნაწილში არ გაქვს. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2026 წლისთვის. სავარაუდოდ 2026 წლის პირველ ნახევარში, თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი შეფერხება მშენებლობის განმავლობაში არ წარმოიქმნა.
საინვესტიციო მოცულობა არის 5 მლნ ევრომდე. საწარმოს საშუალება ექნება, რომ გადაამუშაოს 30 ათასი მეტრული ტონა. შესაბამისად ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იმ თვალსაზრისით, რომ ნედლეულზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ნედლეულის დივერსიფიკაციის მიზნით და არამხოლოდ საქართველოში. შეგროვებული და გენერირებული ნედლეული იქნება მიწოდებული ახალი გადამამუშავებელი ქარხნისთვის. ჩვენ უკვე აქტიურად ვოპერირებთ სომხეთში, ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანში. ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან არაერთი ტვირთის გენერირება გავაკეთეთ, რომელსაც ექსპორტის რეჟიმში ვამუშავებთ, მაგრამ როდესაც ახალი გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება, ჩვენ ამ ტვირთებს საქართველოსკენ მოვმართავთ და მისი საბოლოო დანიშნულება იქნება ის, რომ ბიოსაწვავი მივიღოთ და შემდეგ საბოლოო პროდუქტი ევროკავშირის ბაზარს მივაწოდოთ.
ის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები რაც გაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან და სხვა, არის საკმაოდ კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ წარმოების ეპიცენტრი შევქმნათ საქართველოში და შემდგომ მოვახდინოთ ექსპორტი“, - აცხადებს მურმან პატარაია.
Biodiesel Georgia-ს დამფუძნებლის თქმით, სამომავლოდ გამორიცხული არ არის, რომ სომხეთის მსგავსად აზერბაიჯანში, ყირგიზეთსა თუ ყაზახეთში შემგროვებელ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ.
„ამ ქვეყნებში ჩვენ შემგროვებლები ვართ. სომხეთში ჩვენს სომეხ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვოპერირებთ, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ შესყიდვებით ვართ დაკავებულები და ვყიდულობთ ნედლეულს და ამ წუთის მდგომარეობით გაგვაქვს ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ როგორც შემგროვებელი კომპანიები ისე შევიდეთ. თუმცა პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარს ვსწავლობთ და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით. შემდგომ არ გამოვრიცხავ, რომ განვითარდეთ, როგორც შემგროვებელი კომპანიები, ისევე როგორც სომხეთში. სომხეთში ჩვენვე ვოპერირებთ და ნედლეული ჰორეკა ბიზნესიდან ჩვენვე გამოგვაქვს. არ არის გამორიცხული, რომ მას შემდეგ რაც ახალი გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება და გაეშვება, ძველი საწარმო სომხეთში გადავიტანოთ“, - აცხადებს ჰოლდინგის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ Biodiesel Georgia-ს ახალი საწარმოს მშენებლობისათვის საჭირო ფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც მიიღებს, თუმცა პროექტში ახალი ევროპელი პარტნიორების შემოყვანის იმედიც აქვს.
„პროექტი ხორციელდება პარტნიორებთან ერთად და ცხადია ჩართული იქნებიან საფინანსო ინსტიტუტები. მნიშვნელოვანი თანხაა და მხოლოდ რეინვესტირებით პროექტი ვერ განხორციელდება. რეინვესტიცია პლუს ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა. ასევე აქტიური მოლაპარაკებები გაქვს პოტენციურ პარტნიორებთან ამ ნაწილში და არ არის გამორიცხული, რომ პროცესში ახალი პარტნიორებიც შემოგვიერთდნენ, საუბარი მაქვს ევროპელ პარტნიორებზე“, - აცხადებს მურმან პატარაია.
საწარმო Green Hub-ის ტერიტორიაზე შენდება,
როგორც ცნობილია სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო Biodiesel Georgia ქვემო ქართლში ახალ პროექტ Green Hub-ს ახორციელებს, სადაც არამხოლოდ ბიოდიზელის ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავს მოიყრის ყველა ის გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება.
Biodiesel Georgia-მ ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება გამოყენებული მეორეული საკვები ზეთისგან.
გამოყენებული საკვები ზეთის ნარჩენებისგან ბიოდიზელის წარმოებით, კომპანია ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში ეხმარება.
ბიოსაწვავის წარმოების მწვანე პროექტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას და შექმნა 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჰოლდინგი Biodiesel Georgia დაჯილდოვდა პრესტიჟული ჯილდოთი „Meliora 2022“ -საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში - კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“.
პირველი წარმატებული „მწვანე“ პროექტის შემდეგ, ჰოლდინგმა Biodiesel Georgia დაიწყო მსგავსი ინიციატივების განხორციელება როგორიცაა გამოყენებული მინერალური ზეთების შეგროვება და გადამუშავება. ჩვენ ვაგროვებთ აღნიშნულ ნარჩენს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ადგილზე ვამუშავებთ, მათ შორის ვაექსპორტებთ პარტნიორ კომპანიებთან ევროკავშირის ბაზარზე, ბაზელის კონვენციის სრული რეგულაციების დაცვით.
ჰოლდინგი მუდმივად ვითარდება, შესაბამისად დავიწყეთ მუშაობა კიდევ ერთ „მწვანე“ პროექტზე – ბიოგაზის ინდუსტრიული წარმოებაზე საქართველოში, რომელიც მიიღება სხვადასხვა ნარჩენებისაგან როგორებიცაა: კვების ნარჩენები ჰორეკა ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ. ბიოგაზისაგან მიღებული ელექტროენერგია მოხმარდება სხვადასხვა საბოლოო ბენეფიციარებს.
Biodiesel Georgia მოწინავე პოზიციებზეა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, არასახიფათო თუ სახიფათო ნარჩენების მართვაში, ეკო-მეგობრული ინიციატივების განხორციელებაში, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე სწრაფად ვითარდება ბიოსაწვავის წარმოების მასშტაბები და ტენდენციები შესაბამისად, უკვე დავიწყეთ ახალი, უფრო დიდი, თანამედროვე ბიოდიზელის საწარმოს მშენებლობა ახალ ლოკაციაზე.
ჰოლდინგი Biodiesel Georgia არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო კომპანიამ მოუტანოს სარგებელი როგორც ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, განავრცოს განახლებადი ენერგიის მიწოდების წყაროები, უზრუნველყოს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა და ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას“, - აღნიშნულია Biodiesel Georgia-ს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
1 საათის წინ
ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალია