დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BBC-იმ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა გაშიფრა, რომელშიც დავით კეზერაშვილი ფიგურირებს

BBC-იმ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა გაშიფრა, რომელშიც დავით კეზერაშვილი ფიგურირებს

12-04-2023 12:48:03

BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ფიგურირებს

BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals-ი.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, შემდეგ კი მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ.

გამოცემის ცნობით, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ქსელი პოლიციისთვის ცნობილია Milton's group-ის სახელით.

BBC-ის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Milton's group-თან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ფიგურირებს - ესენია, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

გამოცემამ ეს გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ.

გამოცემის ცნობით, ყველა ეს კომპანია საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთანაა კავშირში.

დავით კეზერაშვილი დაუსწრებლადაა გასამართლებული ბიუჯეტიდან $ 5 მილიონის გახარჯვაში. განაჩენის გამოქვეყნებისას კეზერაშვილი ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

BBC ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.

ამასთან BBC წერს, რომ ესაუბრა Milton's group-ში შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს, რომელთაც დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის ამ სქემაშია ჩართული.

გამოცემა წერს, რომ კეზერაშვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მათ შორის „ლინკედინში“ საკუთარ გვერდზე ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას Milton's group-ში შემავალ კომპანიებსა და იქ არსებული ვაკანსიების შესახებ.

გამოცემა ასევე წერს, რომ მოიპოვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიები იყენებდნენ ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელთან წვდომაც მხოლოდ თაღლითობაში ჩართულ Milton's group-ის კომპანიებს ჰქონდათ.

გამოცემის ცნობით, კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, BBC-ის ჟურნალისტები ლონდონში მდებარე მის სახლში მვიდნენ, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. 

დავით კეზერაშვილმა, ადვოკატის საშუალებით თაღლითურ სქემასთან კავშირები უარყო.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები