დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, 2023 წელს ბინების 42%-ი ახალ ბულვარში გაიყიდა

ბათუმში, 2023 წელს ბინების 42%-ი ახალ ბულვარში გაიყიდა

15-02-2024 15:00:00

2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა.

Galt & Taggart-ის მონაცემებით, აღნიშნული კლება აიხსნება 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით.

ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10.0%-ით შემცირდა, ხოლო მეორად ბაზარზე გაყიდვები შედარებით ნაკლები ტემპით შემცირდა. აღსანიშნავია რომ, გაყიდვების მაჩვენებელი 29.6%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს.

„ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) დარეგისტრირებული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა. ამის მიზეზი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა - ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 ახალ ბულვარში ხორციელდება“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში. 

2023 წლის ბოლოსთვის ბათუმში ბინების ფასების წლიური ზრდა პირველად ბაზარზე თითქმის ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე მეორადზე (+20.2% და +10.4% წ/წ, შესაბამისად). ბათუმში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად $850/მ2 -მდეა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $550/მ2 იყო.

2023 წელს ბათუმში სულ 973.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც, შემცირებული
ტრანზაქციების მიუხედავად, წლიურად 2.4%-იანი ზრდაა.

Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ზრდის მთავარი წყარო უძრავი ქონების გაზრდილი ფასია.

„ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის ზრდა თავდაპირველად
ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში მოხდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქობულეთში ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა (+59.5% წ/წ) დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ ქობულეთში მნიშვნელოვნად გაიზრდება გაყიდვების რაოდენობა მომდევნო პერიოდებში, რადგან ამ დროისთვის 22 დეველოპერული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვლევაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები