დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბანკებს უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 20%-მდე უმცირდებათ - სებ

ბანკებს უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 20%-მდე უმცირდებათ - სებ

29-11-2023 14:09:18

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე  მცირდება. 

როგორც სებ-ში განმარტავენ, მიზანი გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შემსუბუქებაა.

კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შეამცირა, რაც ბანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით კი, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად, შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ:

2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25%, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5%, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75%, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1%.

„აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე.

ეროვნული ბანკი დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობს განაგრძობს. დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ქართული ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. რისკების შერბილების მიზნით, სებ-ი გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს. გასულ კომიტეტზე არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა. იმისთვის, რომ სტრუქტურული რისკების შემცირება მომავალშიც შეუქცევადად გაგრძელდეს, სებ-ი, ბანკებთან შეთანხმებით, ლიმიტს ეტაპობრივად გაზრდის არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები