დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკურიანში სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა

ბაკურიანში სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა

14-02-2023 14:27:08

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

„15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“;

15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“;

15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.

შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე;

15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“, დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“ გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში.

არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება სასტუმრო „მგზავრებიდან“ ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“; ე.წ. კუთხის „ნიკორადან“ ანდეზიტის მიმართულებით პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.

ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე აკრძალულია საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.

ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები