ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელ ქართული კომპანია Gogora საქმიანობას ბაღების მიმართულებით ააქტიურებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ განუცხადა.
„ჩვენი მთავარი სიახლე არის ის რომ ძალიან კარგად შევისწავლეთ ევროპული ბაზარი. დისტრიბუტორების საქმიანობა თუ როგორ საქმიანობენ, რა ტიპის, რა ხარისხის და რა დამუშავების ავეჯი და ფიზიკური აქტივობის ავეჯი შეაქვთ საბავშვო ბაღებში და დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო ბაღებს შევთავაზეთ ადაპტირებული ავეჯი, რომელიც იქნება მისაღები ფასით და ევროპული ხარისხით. ახლა ამაზე ვართ კონცენტრირებული და ჩვენი როლს ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში აღნიშნულ ნაწილში ვხედავთ. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბაღებისთვის შევძლოთ კარგი შეთავაზებების გაკეთება. უკვე ვითანამშრომლეთ სამ მუნიციპალიტეტთან და ამ ეტაპზე დაახლოებით 15-მდე მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე.
Gogora აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. კომპანია ახლახანს დაბრუნდა გერმანიიდან. პროდუქციისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია.
„გერმანიაში ძალიან ბევრი დისტრიბუტორი მოვიდა ჩვენს სტენდთან, ასევე მწარმოებელი კომპანია კონკრეტული ბრენდების, რომლებმაც ჩვენი პროდუქტი მაღალი ხარისხით შეაფასეს. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც არის ყველაზე გაყიდვადი, „პიკლერის სამკუთხედი“ დავტოვეთ სერტიფიცირებისთვის გერმანულ ლაბორატორიაში და შედეგებს ველოდებით. ამ ყველაფერს „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ვაკეთებთ. ჩვენთან, შემოსული თანხის 3% ხმარდება რეგიონებში სერვისის მიმწოდებელი კერძო ცენტრების განვითარებას და მოწყობას და ასევე მაღალმთიან რეგიონებში საბავშვო ფიზიკური აქტივობის სივრცეების განვითარებას, რომელიც ფიზიკურად არ აქვთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, თბილისისა და რეგიონების მასშტაბით 18 ბაღის ფიზიკური აქტივობის ავეჯით აღჭურვა განახორციელა და გარდა ამისა, 3 მუნიციპალიტეტთან ითანამშრომლა. ამ მიმართულებით, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და კომპანია გეგმავს სხვა ბაღებთან თანამშრომლობასაც.
უახლესი