დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზიის განვითარების ბანკმა და კრედომ ხელი მოაწერეს გარიგებას სასურსათო უსაფრთხოებისა და ქალი აგრომეწარმეების მხარდასაჭერად

აზიის განვითარების ბანკმა და კრედომ ხელი მოაწერეს გარიგებას სასურსათო უსაფრთხოებისა და ქალი აგრომეწარმეების მხარდასაჭერად

19-02-2024 16:21:00

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და კრედო ბანკმა ხელი მოაწერეს 65 მილიონი ლარის (დაახლოებით 25 მილიონი აშშ ($) დოლარის) სასესხო გარიგებას. სესხი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსებზე წვდომას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშავებასა და ვაჭრობაში დასაქმებული ქალების ფინანსურ მხარდაჭერას. 

 

„ქვეყნის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა და მეწარმეთა მესამედზე მეტი ქალია, მაგრამ ფინანსებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. კრედო გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მიზნად ისახავს ამ ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას,“ – განაცხადა სიუზან გაბურიმ, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა. „ამასთან ეს პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის შიდა წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.“

 

სესხთან ერთად ADB-მ კრედოს $700 000-მდე საგრანტო ტექნიკური დახმარება დაუმტკიცა, რაც ასევე მოხმარდება სოფლად კრედოს საქმიანობის გაფართოებას მისი ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერებითა და ბანკის მომხმარებლებში კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გრანტი ასევე დაეხმარება ისეთი ინიციატივების განხორციელებას, როგორიცაა სოფლად მცხოვრები ქალების ფინანსური ხელმისაწვდომობა და მათი ფინანსური და ციფრული კომპეტენციის გაუმჯობესება.  

 

ADB კრედოს ადგილობრივ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს კრედოს თავიდან აიცილოს უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები. ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მხარდასაჭერად ADB ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოუშვებს.

 

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზიის განვითარების ბანკთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას. წლების განმავლობაში, მათმა უწყვეტმა მხარდაჭერამ, 185 მილიონ ლარზე მეტი ჯამური ინვესტიციების სახით, დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში. აღნიშნული გარიგება განსაკუთრებულია, რადგან ის დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესების გაძლიერებას, ქალ მეწარმეებზე გამორჩეული აქცენტით,“ განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ. „აღსანიშნავია, ტექნიკური დახმარება, რომელიც გააძლიერებს ბანკის დიჯიტალიზაციის პროცესს და ხელს შეუწყობს კლიმატისადმი მდგრადი მეურნეობის განვითარებას.“

 

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 87 სერვის ცენტრითა და ციფრული ინფრასტრუქტურით, 486 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, რომელთაგან ნახევარზე მეტი ქალია. ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ჰოლანდიური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco. 2015 წლიდან აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკთან მუშაობს პროექტებზე, რომელთა შორისაა მცირე და საშუალო ბიზნესების, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების დაფინანსება და COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა.

 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

ADB

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები