საქართველოში ავეჯის მიმართ მზარდი მოთხოვნაა. ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოიკვეთა, რამაც პროდუქციის ღირებულება ერთბაშად 40-50%-ით გააძვირა.
როგორც კომპანია Geo house-ის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა რაჭველიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს წელს მაღალი ფასები შენარჩუნდა, ასევე დიდია მოთხოვნაც, რაც ავეჯის ყველა მიმართულებას ეხება.
„უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლებში დაწყებულმა ტენდენციამ და მოთხოვნის ზრდამ ავეჯის წარმოებაზეც იმოქმედა. 2-3 წელია, შკვეთები მკვეთრად გაიზარდა და ახლაც ინარჩუნებს ტრენდს, ყველა სახის ავეჯზე მატულობს მოთხოვნა, თანაც, მომხმარებელი უპირატესობა უფრო ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებს. ბაზარზე ახლა ისეთი მოცემულობაა, რომ ყველაფერი იყიდება, ვინმე თუ შეძლებს დამზადებას, გაუყიდავი ავეჯი არ რჩება საწარმოში“, - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.
Geo house დამფუძნებლის თქმით, გარკვეული პრობლემა არსებობს ბაზარზე დროული მიწოდების კუთხით, რაც ნელ-ნელა ლაგდება.
„უამრავი ბინა შენდება თბილისში, რომელიც ავეჯით უნდა შეივსოს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეკვეთები იმდენად აქტიური იყო, რომ მიწოდების კუთხით იქმნებოდა პრობლემა, ახლა ეს სიტუაცია გამოსწორდა, ნელ-ნელა ლაგდება. რაც შეეხება 2021-2022 წლებში 40-50%-ით გაძვირდა და წელსაც შენარჩუნდა. ხელობის საფასური კი ფაქტობრივად გაორმაგებულია, ასეთი ცვლილება რეგიონში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ომმა და დაძაბულობამ რეგიონში გარკვეული გავლენა ბიზნესის ყველა მიმართულებაზე მოახდინა “, - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.
რაც შეეხება Geo house-ის ავეჯის ფასს, კარის დამზადების ფასი 700 ლარიდან იწყება. ხოლო 1 კვ/მ ავეჯის დამზადების საწყისი ფასი 600-650 ლარია და ნაკეთობის ხარისხის და სამუშაოს სირთულის შესაბამისად იზრდება.
უახლესი