დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ათასწლეულის ფონდი  ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტექნიკურ, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებსა და მეცნიერებაში - მაგდა მაღრაძე

ათასწლეულის ფონდი ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტექნიკურ, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებსა და მეცნიერებაში - მაგდა მაღრაძე

03-09-2024 19:00:00

„წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კონკურსი, რომელიც ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგების და მეცნიერების პოპულარიზებას ისახავს მიზნად, დღეს საქართველოში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ პროექტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კონკურსის მონაწილე ახალგაზრდების უმეტესობა წარმატებით ეუფლება STEM პროფესიებს და თავის მომავალს ამ სფეროებში ხედავს.

„ციფრული ტექნოლოგიების ხანაში საქართველოსა და მსოფლიოს განსაკუთრებით ესაჭიროება მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე STEM პროფესიონალი და მოხარულები ვართ, რომ ათასწლეულის ფონდი თავისი საქმიანობით და მსგავსი კონკურსების ჩატარებით ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტექნიკურ, საინჟინრო-საბუნებისმეტყველო დარგებსა და მეცნიერებაში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 3500 მეტ უფროსკლასელს აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსი გრძელდება და 2024 წელს წარმოდგენილი იყო 395 მოსწავლის მიერ შექმნილი 92 ინოვაციური პროექტი. მოსწავლეები არიან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, როგორც კერძო ასევე საჯარო სკოლებიდან.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ წელს 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომელთაგან 2024 წლის გამარჯვებულები მალე გამოვლინდებიან“,- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ათასწლეულის ფონდის მიერ.

ამ დროის მანძილზე 3300-ზე მეტმა საშუალო სკოლის მოსწავლემ წარმოადგინა ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) სფეროებში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვან საზაფხულო სკოლებსა და ბანაკებში. პირველ ადგილზე გასული გუნდი კი მონაწილეობს ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის (ჰიუსტონი, ტეხასის შტატი) საზაფხულო პროგრამაში.

პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები ეცნობიან აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მუშაობას, ახალ პროექტებს, ათვალიერებენ ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრს, ერთვებიან სხვადასხვა საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტაში, სიმულაციურ ექსპერიმენტებში, ხვდებიან ნასას ინჟინრებს და თანამშრომლებს.

2024 წლის აგვისტოში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2023 წლის პირველი პრიზის მფლობელი, გამარჯვებული გუნდი “Terra tech” გაემგზავრა

ჰიუსტონში და მონაწილეობდა ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის პროგრამაში. გუნდის წევრები გიგი გამსახურდია, ლუკა კუკავა, თამარ გამგებელი, საბა ხაბურძანია და დათო რუსია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეები იყვნენ და დღეს ისინი აშშ-ის, ევროპის და საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას.

ქართველმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნასას კოსმოსური ცენტრი, გაეცნენ ნასას ისტორიას, მონაწილეობდნენ სიმულაციურ სავარჯიშოებში, შეხვდნენ ამერიკელ კოსმონავტებს, ნასას ინჟინრებს და გაიარეს კოსმოსური ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები