„ლილო მოლის“ სავაჭრო ცენტრის დირექტორი გიორგი კვარაცხელია Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ ახალი პროექტი, რომელიც ახალი სავაჭრო ცენტრის შექმნას გულისხმობს, პარტნიორებს შორის უკვე შეთანხმებულია.
„პროექტი პრაქტიკულად მზადაა და სექტემბერში მშენებლობაზე თანხმობის მისაღებად თბილისის მერიას მივმართავთ. თავისუფალი ფართები არ გვაქვს, ამიტომ ვცდილობთ ახალი პროექტის განხორციელებას. ჩვენთან კომერციული ფართები დეფიციტშია, როგორც კი ჩნდება ეგრევე ქირავდება და მივყვებით მომხმარებლის მოთხოვნას. პროექტზე ნებართვას რომ მივღებთ, შემდეგ ვილაპარაკებთ მეტ დეტალზე“, - ამბობს „ლილო მოლის“ კომერციული დირექტორი.
რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე აქტივობა სტაბილურია, ხოლო 25 აგვისტოდან სასკოლო ბაზრობა იწყება, რომელიც 15 სექტემბრამდე გასტანს.
შეგახსენებთ, რომ ,,ლილო მოლი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. სავაჭრო ცენტრში 5000-ზე მეტი ობიექტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს.
ცნობისთვის, შპს „ელსავაკო“ 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ლილო მოლი“. 2008 წლის დეკემბერში მოხდა შერწყმა შპს „სეტ-ლისთან“, ხოლო 2014 წლის 2 მარტს - შპს „გიდარასთან“.
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, „ლილო მოლის“ მფლობელები არიან - ლევან გაგუა - 1%; ნიკოლოზ უსანეთაშვილი - 1.5%; კონსტანტინე კაპანაძე - 8.525%; დავით გავაშელი - 2.285%, მარიკა გავაშელი - 2%, დავითი გაგუა - 2%; ილია ბადრიაშვილი - 0.5%; ლევან ანდღულაძე - 1% ბაჩო კაპანაძე - 2%; გიორგი კვარაცხელია - 0.46%; იოსებ საყვარელიძე /ნიდერლანდები/ - 15.485%.
უახლესი