1 იანვრიდან ამოქმედდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 13.12.2023 წლის N3922-XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონით განხორცილებული ცვლილება, რომელიც ეხება აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის სტატუსის მქონე პირებს.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, თუ მისი ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს. ასევე, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.
ცვლილების ამოქმედებიდან აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტების სტატუსის შემთხვევაში ზემოაღნიშნული 500 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 700 000 ლარამდე.
ამასთან, მ/წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის N465 დადგენილება „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.
დადგენილების მიხედვით განისაზღვრა აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის პრინციპები, სტატუსის მოპოვების წესი, სტატუსის მინიჭებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სავალდებულო კრიტერიუმები, ასევე აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტების სტატუსის გაუქმების პირობები.
საყურადღებოა, რომ დადგენილების მიხედვით სტატუსის მინიჭებისთვის სავალდებულო მოთხოვნაა პირს მინიჭებული ჰქონდეს მცირე ბიზნესის სტატუსი.
უახლესი