დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გუდაური ახლა არის სავსე, 28-29 დეკემბრიდან ადგილს ვერ იპოვით, 99,99% არიან უცხოელები - სასტუმრო გუდაური როშე

გუდაური ახლა არის სავსე, 28-29 დეკემბრიდან ადგილს ვერ იპოვით, 99,99% არიან უცხოელები - სასტუმრო გუდაური როშე

04-01-2025 16:08:00

ზამთრის კურორტებს პოლიტიკური ვნებათაღელვა არ შეხებია, რადგანაც სასტუმროების ნაწილი ძალიან დიდი ხნის წინ იჯავშნება, - აცხადებს ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი, რომელიც ამ დროისათვის გუდაურში სასტუმრო Gudauri Roshe-ს მართავს. როგორც ჰოტელიერი ამბობს, ზამთრის კურორტებზე სეზონურობის გამო სასტუმროები ბევრ რამეზე არიან დამოკიდებული და ამიტომ ძირითადად უკან დაუბრუნებელი გაყიდვების სისტემით მუშაობენ.

 

„დეკემბრის დასაწყისში იყო კითხვები, თუ რამდენად უსაფრთხო იყო და ჩვენ თუ უზრუნველვყოფდით მათ გუდაურში აყვანას, ანუ თუ უზრუნველვყოფდით ტრანსფერს. გაუქმებები არ ყოფილა და იმ სასტუმროებში, რომლებმაც იციან ზამთრის კურორტზე მუშაობა გაუქმებები ფიზიკურად ვერც დადგება. რადგანაც სეზონურია და მაინც ზამთრის პერიოდზე ვართ დამოკიდებულები, ბევრი რაღაცის გამო ვიზღვევთ თავს და ვმუშაობთ უკან დაუბრუნებელი გაყიდვების სისტემით. ვისაც აღნიშნული სერვისი ჩართული არ ჰქონდა და გაუქმების საშუალება მისცეს, სავარაუდოდ მათ შესაძლოა გაუუქმდათ. თუმცა ასეთი არის ძალიან ცოტა.

 

ახლა გუდაური არის სავსე. 28-29 დეკემბრიდან გუდაურში ადგილს ძნელად თუ იშოვიდით, რადგანაც ყველაფერი ამოყიდული იყო. მათ შორის „მარკო პოლო“ და „გუდაური ლოჯი“, რომელიც ორივე ერთად 400 ნომრით არიან წარმოდგენილები, „გუდაური ლოფტი“ შემოვიდა ბაზარზე და ადგილები არ აქვთ. ადგილები არც მე მაქვს. ზოგადად ზამთრის სეზონზე 5-დან 25-მდე არის შედარებით კლება. ეს ასეა თითქმის ყოველ წელს და მხოლოდ წელს ასე არ ხდება. ამიტომ ამ პერიოდში განსხვავებული ფასი გვაქვს. თუ ახალი წლის პერიოდში პირობითად რაღაცას ვყიდდი 150 დოლარად, ამ 20 დღის მანძილზე ყველა სასტუმრო აგდებს ფასს. 25-დან გაყიდვები ისევ გაიზრდება. პოლიტიკური მდგომარეობის გამო რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა“, - განმარტავს ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი.

 

Gudauri Roshe-ს, რომელიც 2021 წელს გაიხსნა, ზამთრის ტურისტულ სეზონზე ძირითადად უცხოელ სტუმრებს იღებს.

 

„99,99%-ი არიან უცხოელები, საიდანაც უმეტესობა - 38%-ი არის გალფის ქვეყნებიდან. შემდეგ მოდის უკვე ისრაელი და რუსეთი. ისრაელიდან აქტიურად დაიწყო ჯავშნები. გეტყვით, რომ გალფის ქვეყნებიდანაც ბევრი ჯავშანი შემოდის რუსული გვარებით, რომლებიც იქ ცხოვრობენ. დანარჩენი უკვე ნაწილდება, გაგიკვირდებათ და ბრაზილიიდან სამხრეთ აფრიკამდე აბსოლუტურად ყველა ქვეყნიდან გვყავს სტუმარი. ასევე არიან სტუმრები გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და სხვა. სხვათა შორის გალფის ქვეყნებიდან თუ წინა წლებში მოდიოდნენ 1-2 ღამისთევით, ახლა უკვე მოდიან სასრიალოდ და უფრო ხანგრძლივ ჯავშნებს აკეთებენ, ანუ კულტურა შეიცვალა“, - აცხადებს Gudauri Roshe-ს მმართველი.

 

სასტუმრო Gudauri Roshe ძველ გუდაურში მდებარეობს და სასტუმროსთვის ამ დროისთვის მთავარ გამოწვევას ელექტროენერგიის ხშირი წყვეტა წარმოადგენს. თუმცა მენეჯმენტის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა აღნიშნული პრობლემა სასტუმროს სტუმრებზე არ აისახოს. თუმცა ასეთ დროს ხარჯი იზრდება სასტუმროსთვის, რადგანაც დიზელ გენერატორებით  მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება.

 

ბუტიკური ტიპის სასტუმროში 29 ნომერია და მას მთლიანობაში 75 სტუმრის მიღება შეუძლია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები