დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნორმალიზდა - სებ

ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნორმალიზდა - სებ

14-05-2024 09:28:00

აპრილში ინფლაციის ზომიერი მატების მიზეზი საწვავსა და ზოგიერთი სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა და საბაზო ეფექტია, - ამის შესახებ სებ-ის „თვის მიმოხილვა“-შია აღნიშნული. სებ-ში განმარტავენ, რომ საქართველოში დაბალ ინფლაციას კვლავ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საგარეო შოკების ეტაპობრივი მილევა და ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია განაპირობებს.

„აპრილში მარტთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ბენზინის 3.1%-იანი გაძვირება იყო, რამაც ინფლაცია 0.1 პპ-ით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან გამოსარჩევია სეზონური ფაქტორების გამო ვაშლის გაძვირება, რამაც თვის ინფლაცია ასევე 0.1 პპ-ით გაზარდა, ხოლო იმერული ყველის გაიაფებამ 0.3 პპ-ით შეამცირა.

წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათის 1.9%-ით გაიაფება, რის გამოც ინფლაცია 0.6 პპ-ით შემცირდა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურის, კარტოფილის და ყველის ფასების კლება, რამაც ინფლაცია ჯამურად 1.2 პპით შეამცირა. მეორე მხრივ, ბენზინის, საბანკო მომსახურებისა და ვაშლის გაძვირებამ ინფლაცია 1.6 პპ-ით გაზარდა“, - აღნიშნულია „თვის მიმოხილვაში“

საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 2.3%-ის დონეზეა.

ირკვევა, რომ ადგილობრივი ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს ნორმალიზდა. აპრილში ადგილობრივი ინფლაცია 2.5%-ს გაუტოლდა და მასში მთავარი წვლილი მომსახურების ფასების ცვლილებამ (2.9 პპ) შეიტანა. შერეული წარმოების კატეგორიის პროდუქტები ჯამში 1.9%-ით იაფია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზი გარკვეული სურსათისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიური გაიაფებაა. იმპორტირებული პროდუქტების ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა, რისი მთავარი მიზეზიც საწვავის გაძვირებაა.

„მომსახურების ინფლაცია შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, აპრილში 5.6%-ს შეადგენდა. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში, როგორც ვთქვით, ადგილობრივ ინფლაციას აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების გამოკლებით ადგილობრივ პროდუქტებზე დეფლაცია აღინიშნება. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში ყველაზე დიდი წვლილი საბანკო მომსახურების გაძვირებას აქვს (1.3 პპ)“, - აცხადებენ სებ-ში. 

შეგახსენებთ, რომ აპრილში წლიური ინფლაცია გასულ თვეებთან შედარებით გაიზარდა და 1.5% შეადგინა, თუმცა კვლავ მიზნობრივი, 3%-იანი, მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. მარტთან შედარებით ფასებმა 0.3%-ით მოიმატა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები