დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე სიმინდის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ადგილობრივ ბაზარზე სიმინდის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

28-02-2023 09:00:42

სიმინდის ფასი წლიდან წლამდე  მატულობს. ფასმა უკვე ერთ ტომარაზე (50კგ) 60 ლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ფერმერები ძირითად მიზეზად სიმინდის მოსავლიანობის კლებას ასახელებენ.

ფასზე გავლენას ახდენს გლობალური ტენდენციაც,  სიმინდი უცხოურ ბაზრებზე მკვეთრად გაძვირდა. ამ დროს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დარგს აქვს პოტენციალი, რომ ადგილობრივი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და ექსპორტზეც გავიდეს.

როგორც  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, სიმინდის წარმოებაში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით სამელიორაციო სამუშაოების მიმართულებით, რადგან მორწყვის გარეშე პროდუქტის მოსავლიანობა რეალურად ვერ გაიზრდება.

„სიმინდი არის საგაზაფხულო კულტურა, მისი ვეგეტაცია მიმდინარეობს ძირითადად ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე ანუ მთელი ზაფხულის განმავლობაში. ეს არის მშრალი პერიოდი და წლების განმავლობაში სიმინდზე გაწეული ხარჯი მხოლოდ სარწყავ პირობებში ამართლებს. ამიტომ მორწყვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. მსოფლიო მოსავალს ანგარიშობს უკვე დახარჯული წყლის მოცულობის მიხედვით ანუ ამა თუ იმ პროდუქტის მისაღებად თუ რა რაოდენობის წყალია გამოყენებული. ჩვენთან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა უწყლოა. თუნდაც ოქროს გუთნით მოხნა, მცირე შანსიც არ არსებობს, რომ შედეგი მოგცეს. ეს ნაკლოვანება უნდა გამოსწორდეს",- აცხადებს კობა კობალაძე.

დასავლეთ საქართველოში ფერმერები ამბობენ, რომ სიმინდის მოსავალი  შემცირებულია და  ხალხს მარცვლეული ახალი მოსავლის მიღებამდე არ ყოფნის, რაც უკვე ტენდენციად იქცა.

„ცალკე მავნებლები, ცალკეც უამინდობა დარგზე მოქმედებს.  ნორმალური მოსავლის პირობებში 1 ჰა-ზე შეგვეძლო 3 ტონამდე სიმინდი მიგვეღო, წელს 2 ტონა თუ მოვიწიეთ, დიდ შედეგად ჩაითვლება, მაგრამ ესეც პრობლემაა. ცხადია, წინა წელთან შედარებით, სიმინდის ხარისხიც გაუარესებულია, ამიტომ გვაქვს ეს მდგომარეობა.  1 ფუთი (16 კილოგრამი) პროდუქტის ფასი უკვე 60 ლარს გადააჭარბა“,  - ამბობს ფერმერი ვახო კაკულია.

თბილისის საკოლმეურნეო ბაზრებში 1 კილოგრამი სიმინდის ფქვილის ფასი 5-7 ლარის ფარგლებშია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში იანვართან შედარებით სიმინდის ფქვილი 80%-ით გაძვირდა.

ამდენად, სასურსათო უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2021-2027 წლების სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში სასურსათო უზრუნველყოფის ზრდა გათვალისწინებულია ყველა, მათ შორის, მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმართულებით.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემით, მარცვლეულის ფასების ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 1,9%-ით შემცირდა, თუმცა 4,8%-ით მეტი იყო 2021 წლის დეკემბერთან შედარებით.

2022 წლის ბოლოს მარცვლეულის ფასების ინდექსმა მიაღწია ახალ რეკორდს (154,7 პუნქტი), რაც 17,9%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. 2022 წელს სიმინდისა და ხორბლის მსოფლიო ფასებმა ახალ რეკორდულ დონეს მიაღწია და 2021 წლის საშუალო ფასებზე, შესაბამისად, 24.8%-ით და 15.6%-ით მეტი იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები