კომპანია Agrolane / აგროლეინი, რომელიც ქვეყანაში ლურჯი მოცვის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია საექსპორტო ბაზრებზე გაფართოების პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, ადგილობრივ ბაზარზე Agrolane-ს გაყიდვები ყოველწლიურად ორმაგდება.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები ორმაგდება. წელს მარტო „ნიკორასა“ და „კარფურში“ 100 ტონა მოცვი გაქვს რეალიზებული“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, Agrolane-ს საწარმო, რომელიც ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარეობს, მხოლოდ საკუთარი ბაღებიდან მიღებული ლურჯი მოცვის გადამუშავებაზეა ორიენტირებული.
„საწარმოში მხოლოდ ჩვენი ბაღებიდან მოწეულ მოცვს ვამუშავებთ. თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომელთანაც ერთად ვმუშაობთ როგორც კოოპერატივი. ეს გულისხმობს იმას, რომ ეს კომპანიები პირველად მოყვანას აკეთებენ საკუთარ ბაღში და შემდგომ მათი სრული მოსავალი მოდის ჩვენს საწარმოში და ჩვენი კომპანია იღებს ვალდებულებას აღნიშნული მოცვის რეალიზაციაზე“, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.
დღეისათვის Agrolane-ს გაყიდვების 30%-ი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 70%-ი ექსპორტზე მოდის.
„ჩვენ მოცვის ბიზნესი დავიწყეთ 2011 წელს და ერთ-ერთი პირველი კომპანია ვართ, ვინც საქართველოში ლურჯი მოცვის გაშენება დაიწყო. თავიდან მხოლოდ პირველადი მოყვანით ვიყავით დაინტერესებულები. რამდენიმე წელიწადში მივხვდით, რომ თუ არ შექმენი ინფრასტრუქტურა მოყვანილი მოცვის დახარისხება, შენახვისთვის ბიზნესი აზრს მოკლებული ხდებოდა.
2015 წელს უკვე შევქმენით კომპანია Agrolane, რომელმაც შეიძინა მიწა და ააშენა საწარმო და სადაც დღესაც ხდება მოცვის შენახვა, სორტირება, შეფუთვა და რეალიზაცია.
ძირითადი ჩვენი საექსპორტო მიმართულება არის გალფის ქვეყნები. ანუ ჩვენ ვმუშაობთ ძირითადად არაბეთის გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ქუვეითს, ბაჰრეინის, კატარის და ომანის ბაზრებზე. თუმცა პროდუქციას ასევე ვყიდით ევროკავშირის ქვეყნებშიც. ჩვენი გაყიდვების 20%-ი მოდის რუსეთზე. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კლიენტები არიან „კარფურის“ და „ნიკორას“ ქსელები“, - განმარტავს გიორგი ღვინიაშვილი.
საგულისხმოა, რომ კომპანია Agrolane 2025 წლისთვის საწარმოო სიმძლავრეების ზრდას და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას გეგმავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, 2025 წელს საწარმოოს სიმძლავრეების 1/3-ით ზრდა მოხდება, ასევე კომპანიას დიდი იმედი აქვს, რომ 2025 წელს ინდოეთის ბაზარზე აქტიურად შევა.
„იმედი მაქვს, რომ 2025 წელს ინდოეთის ბაზარი დაგვემატება, წელს უკვე საცდელი პარტია გავგზავნეთ. თუმცა იმედი გაქვს, რომ მომავალი წლიდან ინდოეთის ბაზარზე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.
Agrolane-ს თანადამფუძნებლის თქმით, მოცვზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ კომპანია მოცვის ბაღებს ყოველწლიურად 2-დან 5 ჰა-მდე ზრდის. გარდა ბაღების მოცულობის ზრდისა ახდენს ჯიშთ განახლებასაც.
კომპანია დღეისათვის ლურჯი მოცვის ბაღებს ბაღდადისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ფლობს.
„თავიდან დავიწყეთ 5 ჰა-დან და დღეს ჩვენი ბაღები 28 ჰა-ს აერთიანებს. ყოველ წელს ვამატებთ 2-დან 5 ჰა-მდე მოცვის ბაღებს, იმიტომ, რომ მოცვის ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და ახალი ჯიშები ჩნდება. ახალი ჯიშები გამოირჩევა უფრო დიდი ვარგისიანობის ვადით, უფრო დიდი ზომის ნაყოფით და თუ ფერმერს უნდა მიყვეს არსებულ ტენდენციებს, იძულებულია ან ჩაანაცვლოს ძველი ჯიშები ახლით, ან დაამატოს ახლები“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი აქტიურად ვითარდება და მოთხოვნიდან გამომდინარე შემოსავლებიც იზრდება, Agrolane-ს დამფუძნებლები მიღებული კაპიტალის რეინვესტირებას ახდენენ.
„კომპანიის დამფუძნებლებს დივიდენდი არ მიგვიღია და მთლიანად ინვესტირებას ვაკეთებთ იმ თანხების, რაც გენერირება. დამატებით ვსარგებლობთ ასევე სხვადასხვა აგროსესხებით და სხვადასხვა პროგრამებში ვიღებთ მონაწილეობას“, - განმარტავს გიორგი ღვინიაშვილი.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა