დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსი ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს მიენიჭა

18-10-2024 15:42:00

მთიან აჭარაში ორ საოჯახო-სასტუმრო სახლს „კარგი მასპინძლის“ სტატუსი მიენიჭა. საოჯახო სახლების „სხალთა“ და „მოყვარე“ მეპატრონეები პირველები აღმოჩნდნენ, ვინც პროექტით გათვალისწინებული ეტაპები წარმატებით გადალახეს. საოჯახო სასტუმროები სხალთისა და მერისის ხეობებში მდებარეობს და წლებია მასპინძლობენ ტურისტებს. პროექტი "კარგი მასპინძელი” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტომ რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაიწყო. სტატუსის მქონე საოჯახო სახლებს უკვე დაუმზადდათ საპრომოციო ფოტო-ვიდეო მასალები, სახლთან დაუმონტაჟდათ მანიშნებლები და გადაეცათ ბრენდირებული სუვენირები. პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

საოჯახო-სასტუმრო სახლების მასტიმულირებელი პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება. მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტატუსის მიღების მსურველები სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდებიან. კრიტერიუმები  საოჯახო სახლების ინტერიერის, ექსტერიერის, კვების, მომსახურების ხარისხისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიხედვითაა შედგენილი. მათი მინიმუმ 90%-ის დაკმაყოფილებაა საჭირო „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოსაპოვებლად. პროექტისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ლინკზე https://infoajara.com/ka/good-host შეუძლიათ. აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციისა და საკუთარი საოჯახო სახლის შეფასების შემდეგ, „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მოპოვების მსურველ საოჯახო სახლებს  სპეციალური კომისია და იდუმალი სტუმარი შეაფასებს. პროექტში ჩართვა მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლია. ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება კი 3  -  6 თვის განმავლობაში განხორციელდება. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციასა და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები