დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
7  წელიწადში წარმოება 1500 %-ით გავზარდეთ - ,,აგროლეინი“

7 წელიწადში წარმოება 1500 %-ით გავზარდეთ - ,,აგროლეინი“

15-07-2023 02:00:26

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია „აგროლეინი“ იმ წარმატებულ კომპანიების სიაშია, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტის საწარმოები შექმნეს და ექსპორტზე საკუთარი ნიშა იპოვეს.

2011 წელს გაშენებული მოცვის ბაღებიდან ,,აგროლეინის“ პირველმა მოსავალმა 20 ტონა შეადგინა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, დღეს ეს მაჩვენებელი 300 ტონამდეა. ექსპორტზე სწორება კი განვითარებული ქვეყნების ბაზრებზეა.

„წელს მოცვის სეზონი აშკარად უკეთესია, ვიდრე შარშან იყო. განსაკუთრებით იმ ფერმერებისთვის, რომლებმაც ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინეს და რუსულ ბაზარს ჩამოსცილდნენ. ჩვენ ეს გამოგვივიდა, ,,აგროლეინის“ მოცვი ამ ეტაპზე დუბაისა და ევროპის ბაზრებზე იყიდება. როდესაც განვლილ გზას ვაფასებ, ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით. 20 ტონით დავიწყეთ წარმოება და ახლა 300 ტონამდე გავედით, რაშიც სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების წვლილი უდიდესია. ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ და რამდენიმე სხვა აგრო პროექტით ვისარგებლეთ. თავდაპირველად, როცა ბიზნესის დაწყებას ვგეგმავდით, ბევრი ვიფიქრეთ, სად მოგვესინჯა ძალა და მივედით დასკვნამდე, რომ ასეთ სოფლის მეურნეობა და კონკრეტულად კი მოცვის წარმოებაა, რომელიც მაშინ იკიდებდა ფეხს საქართველოში. არჩევანმა გაამართლა. 2-3 წელი გვჭირდება, რომ საქართველოში მოცვი ერთ-ერთი წამყვანი აგროკულტურა გახდეს. მთავარია სწორად შეირჩეს ბაზრები, დივერსიფიკაცია მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია“, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, „აგროლეინის“ პროდუქცია დუბაიში აგროგამოფენაზე „გალფუდი″ 2017 წელს პირველად წარსდგა.

როგორც გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, მას შემდეგ საერთაშორისო გამოფენების ხშირი სტუმარია. მეწარმის შეფასებით, ასეთ მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კომპანია „აგროლეინი“ „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში 455,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 182,000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 227,500 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღო. ISO:22000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 12,000 აშშ დოლარს შეადგენს.

საერთო ღირებულებიდან 3,600 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 6,000 აშშ დოლარის დაფინანსება USAID/REAP მოახდინა, ხოლო დარჩენილი, 2,400 აშშ დოლარის გადახდა ბენეფიციარმა თავად უზრუნველყო. „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები