ციფრული ჰაბის განვითარება კიდევ ერთ პრიორიტეტად დაასახელა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურ-ბოჭკოვან კავშირს, მეორე მხრივ კი, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „დატა ცენტრების“ ფორმირებას.
„ინტერნეტიზაცია საქართველოს რეგიონებში მეტი ეკონომიკური აქტივობის და ზოგადად, მეტი ეკონომიკურ-სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მიზნით გრძელდება პროექტი „ლოგ-ინ ჯორჯია“, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა. 2025 წლის ჩათვლით აშენდება 5,000 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და 1,000-მდე სოფელს ექნება მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ფართოზოლოვანი ინტერნეტის სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პლატფორმაზე Do IT in Georgia, რომელიც ხორციელდება კერძო - საჯარო პარტნიორობის ფორმატში და IT პროფესიებში კადრების გადამზადებას ითვალისწინებს. მისი თქმით, 2024 წელს, ჯამურად 2000 აპლიკანტი ჩაირიცხება და მათზე სასწავლო გრანტი გაიცემა.
უახლესი