დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 წლის პერსპექტივაში დაზღვევის ბაზარი 50%-ით გაიზრდება - გიორგი ბარათაშვილი მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონმდებლობის შესაძლო ეფექტებზე

5 წლის პერსპექტივაში დაზღვევის ბაზარი 50%-ით გაიზრდება - გიორგი ბარათაშვილი მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონმდებლობის შესაძლო ეფექტებზე

05-08-2024 01:18:00

სადაზღვევო სექტორი მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის მიღების მოლოდინშია, რაც ალდაგის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის შეფასებით ბაზარს 5 წლის პერსპექტივაში დაახლოებით 50%-ით გაზრდის. როგორც Business Insider Georgia-სთან  გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, დღეს საქართველოში არ მოქმედებს დაზღვევის სავალდებულო სახეობები, რაც ევროპაში, აშშ-ში, აზიის ბევრ ქვეყანაში და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში მრავალი წელია არსებობს.

„ერთ-ერთი წინაპირობა განვითარებისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის მესამე პირის წინაშე მძღოლების პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება. კანონპროექტი უკვე დამუშავებულია მთავრობის მიერ და ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო დონეზე მის დამტკიცებას. ეს იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად გაიზრდება საცალო ბაზარი უახლოეს წლებში. ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ უფრო დაზღვევის სფეროში მეტი საერთაშორისო ინვესტორი შემოვა. ზოგადად ბაზრის ზრდა ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული - რეგულირების გამკაცრება, რომელშიც ვგულისხმობ SOLVENCY II-ის სტანდარტზე გადასვლას და მეორე, დაზღვევის სავალდებულო კატეგორიის შემოღება, ანუ მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის მიღება. სადაზღვევო ინდუსტრია წელს გადავიდა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე, რაც დიდი ხელშეწყობა იყო ინდუსტრიისთვის და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სადაზღვევო სექტორი დაბეგვრის ამ რეჟიმში მოექცა“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან ალდაგის გენერალური დირექტორი.

ბარათაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის და სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლის მიერ უკვე დამუშავებულია და ის უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება.

კანონპროექტის განხილვა პირველი მოსმენით საშემოდგომო სესიაზე იგეგმება, ხოლო 2025 წელს მას უკვე ახალი შემადგენლობის პარლამენტი დაამტკიცებს.

„რაც შეეხება ამ კანონის გავლენას ბაზრის ზრდაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3-დან 5 წლის პერსპექტივაში დაზღვევის ბაზარი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება. სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დაზღვევის სავალდებულო სახეობები ზოგადად ხელს უწყობს დაზღვევის შესახებ ცნობადობის ზრდას და თავისთავად ლოგიკურია, რომ როდესაც ადამიანი დაზღვევის სიკეთეს გამოცდის, მას უჩნდება სურვილი მიმართოს სადაზღვევო კომპანიებს სხვადასხვა საჭიროებით. დღეისათვის საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუმცა კარგია ის, რომ ბაზარი ეტაპობრივად იზრდება. პირველი კვარტლის მონაცემებით საცალო ბაზარი 20%-ითაა გაზრდილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც კი ეს კანონი იქნება მიღებული“, - აცხადებს სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები