გასული 5 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა გაორმაგდა და 2 მლრდ-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ერგეშიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ენერგეტიკის სექტორი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს და სებ-სთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სექტორის კვლევა იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს პორტფელის 7%-ი გაცემულია ენერგეტიკის სექტორზე.
„აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორი ხასიათდება ყველაზე დაბალი საკრედიტო დანაკარგებით. მათ შორის პანდემიის დროდაც ვნახეთ, რომ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგები სტაბილურობით ხასიათდებოდა სხვა ბიზნეს სესხებთან შედარებით. შესაბამისად ენერგეტიკის სექტორის მაღალი წილი ხელს უწყობს ციკლურობის შემცირებას და ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურობას.
ჩვენ შევიმუშავეთ მდგრადი დაფინანსების ტარქსომია რითაც ხელს ვიწყობთ აღრიცხვას და მათ შორის ენერგეტიკის სექტორის დაფინანსებასაც ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ერგეშიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი სექტორული კვლევები და შეხვედრები ენერგეტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოსაზრებების გაცვლისა, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს.
„კვლევის შედეგებით ენერგეტიკის სექტორი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა განვითარების პოტენციალი არის საკმაოდ დიდი, მათ შორის იქნება წყალი, ქარი თუ მზე. ყველგან მნიშვნელოვანი პოტენციალია იმისათვის, რომ დამატებითი ინვესტიციები განხორციელდეს. ჩვენი შეფასებით ფინანსურად ენერგეტიკის სექტორი საკმაოდ მყარია და აქვთ საკმარისი ბუფერები იმისთვის, რომ პოტენციური შოკები გადალახონ“, - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსმა.
სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს: საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ზოგად მიმოხილვას, ენერგეტიკის სისტემის შედარებით ანალიზს ქვეყნების მიხედვით, სექტორის საკრედიტო პორტფელის ზოგად მიმოხილვას და ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურების ფინანსურ ანალიზს.
კვლევის თანახმად, საქართველოში არსებული კერძო ჰესები მაღალი კრედიტუნარიანობითა და საოპერაციო მოგების მაჩვენებლით ხასიათდებიან. კვლევის თანახმად, 2018-2023 წლებში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებების მოცულობა გაორმაგებულია და მნიშვნელოვან წილს იკავებს ჯამურ ბიზნეს საკრედიტო პორტფელში. სხვა სექტორებთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში საშუალოდ ორჯერ მეტი ვადიანობის მქონე სესხები, მსგავსი საპროცენტო განაკვეთებით გაიცემა. ასევე, ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საკრედიტო რისკებით, თუმცა შედარებით მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში წარმოდგენილ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის გენერაცია მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის ხელსაყრელი ლანდშაფტითა და კლიმატური პირობებით, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებით, ჩართული მარეების სიძლიერითა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებითაა განპირობებული.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა