თბილისი სოციალური საწარმოების რიგით მეოთხე B2B გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრია (CSRDG), რომელიც მასშტაბური გამოფენით სექტორთშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.
გამოფენის მიზანია, სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს (ასევე საზოგადოებრივ და სახელმწიფო სექტორებს) შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად. ღონისძიება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ტარდება.
CSRDG -ის ინფორმაციით, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების B2B გამოფენა 27 ოქტომბერს, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, B2B გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან; გაიცნონ და გააღრმაონ პარტნიორობა ერთმანეთთან; უფრო ვრცლად, რა იგეგმება ღონისძიების ფარგლებში, რამდენი სოციალური საწარმო მიიღებს მონაწილეობას და როგორია მხარდაჭერა, რასაც მათ ბიზნეს სექტორი სთავაზობს, რა შესაძლებლობას ქმნის იგი სოციალური საწარმოებისთვის და რამდენად უწყობს ხელს, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა დაინერგოს, Business Insider Georgia – თან საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) B2B პარტნიორობის მენეჯერი გიგა ჩიტიშვილი საუბრობს.
„გამოფენის მიზანი არის პასუხისმგებლიანი შესყიდვის პრაქტიკის დანერგვა და ამ პრაქტიკის განვითარება კორპორაციულ საზოგადოებაში. რეალურად იგი ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც ბიზნეს კომპანიებს და სოციალურ საწარმოებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეეწყოს ხელი.
B2B გამოფენას, რომელიც პირველად 2017 წელს გაიმართა, წელს უკვე მეოთხედ ვმასპინძლობთ. გამართული ღონისძიებების შედეგად, გამოფენის მონაწილე სოციალურმა საწარმოებმა 80-მდე ბიზნესკომპანიასთან გამართეს 300-მდე B2B შეხვედრა, გაფორმდა 200'000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი და გაძლიერდა 40-ზე მეტი საწარმო,“- აცხადებს გიგა ჩიტიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია წლევანდელი B2B გამოფენის მონაწილეთა მასშტაბი, გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროება, რაც სოციალურ საწარმოების წინაშეა და ბიზნესი, B2B ურთიერთობის ფარგლებში, ამ პრობლემის მოსასმენად და მოსაგვარებლად, მზადაა.
გიგა ჩიტიშვილი: ,,წელს ველოდებით, რომ მონაცემი გაიზრდება და პოზიტიური გავლენა უფრო გაფართოვდება. დაახლოებით 1200 ადამიანი მოვიწვიეთ 400 ბიზნეს კომპანიიდან, 200 საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან. ასეთი მასშტაბური გამოფენა, როგორიც წელს ჩატარდება, არასდროს ყოფილა. სოციალური საწარმოების წარმომადგენლებმა 300 ბიზნეს კომპანიასთან გამართეს შეხვედრის სურვილი, ეს პროცესი გრძელდება და უკვე, 27 ოქტომბერს, ,,შერატონ მეტეხი პალასის“ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ამ 300-მდე წარმომადგენელს 50 სოციალურ და გარემოსდაცვითი მისიის მქონე საწარმოებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემათ. რაც შეეხება საჭიროებებს, განსხვავებულია. მაგალითად, თუკი საწარმო სოციალური სერვისების მიმწოდებელია, ამ შემთხვევაში შეიძლება საჭიროება იყოს სივრცითი მოწესრიგება ან დამატებით მაღალტექნოლოგიური ინვენტარის შეძენა და სხვა. ხოლო თუ სოციალური საწარმო პროდუქტის მწარმოებელია, ამ შემთხვევაში საჭიროება არის პროდუქციის განთავსებაზე სხვადასხვა ქსელურ მაღაზიათა ქსელში ან გეოგრაფიული არეალის გაფართოება სხვადასხვა რეგიონში. უკვე არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ ბიზნესსექტორი საკუთარ საწარმოო ჯაჭვში სოციალური საწარმოების ინტერესებსაც გაითვალისწინებს.“
ამდენად, სოციალური საწარმოების B2B გამოფენის ფარგლებში, CSRDG-ი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან, საერთოა მათი ღირებულებები და ინტერესი - დაუჭირონ მხარი ქვეყანაში პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვას.
უფრო კონკრეტულად, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სექტორისთვის ეს მხარდაჭერა, Business Insider Georgia- თან „ინ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე საუბრობს.
სასტუმროების ქსელი „ინნ ჰოსფითალითი“, ბაზარზე ამ ეტაპზე ოთხი სასტუმროთი ოპერირებს: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ახალციხე ინნ“ და „როიალ ინნ“.
როგორც ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, „ინ ჰოსფითალითის“ ქსელისთვის პრიორიტეტია თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა.
„მივიჩნევთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა საშუალებას მოგვცემს, უფრო მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები დავამყაროთ როგორც სოციალურ საწარმოებთან, ისე ბიზნეს სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. სწორედ ამიტომ CSRDG-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ, ოქროს სპონსორობის სტატუსით. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულებაა სოციალური მეწარმეობის წახალისება. ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. ჩვენს ქსელში არსებულ სასტუმროებში ვგეგმავთ ღონისძიებებს, პროექტებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ სოციალურ საწარმოებთანაც.
მოხარულები ვართ, რომ CSRDG-თან ერთად შესაძლებლობა გვაქვს მასშტაბურ გამოფენაში მივიღოთ მონაწილეობა და ამით, კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარე სოციალური მეწარმეობის განვითარებას როგორც იმ რეგიონებში, რომლებშიც ჩვენი სასტუმროები ოპერირებს, ასევე მთლიანად საქართველოში“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე და დასძენს იმ როლის შესახებაც, რაც მსხვილ ბიზნესს სოციალური საწარმოების მხარდაჭერისა და პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით გააჩნია.
ნინა გაჩეჩილაძე: ,,ვფიქრობთ, რომ მსხვილი ბიზნესის ჩართულობა სოციალური საწარმოების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. მივესალმებით, CSRDG-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას პასუხისმგებლიანი შესყიდვების შესახებ, რაც ზოგადად ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე დადებითად აისახება. „ინ ჰოსფითალითი“, რომელიც სოციალური საწარმოების B2B გამოფენის ოქროს სპონსორია, მომავალშიც აუცილებლად შეუერთდება მსგავს ინიციატივებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღონისძიება პროდუქტიული იქნება როგორც ჩვენთვის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. დიდი სურვილი გვაქვს, დავამყაროთ ახალი, გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული პარტნიორული ურთიერთობები“.
ამდენად, B2B გამოფენის ფარგლებში ბიზნესსექტორს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას; გამართოს პირისპირ შეხვედრები და დანერგოს ან განავითარონ პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკა; შექმნას მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში. წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ტექსტილი, ტყავი და ნაქსოვი პროდუქცია; გარემოს დაცვა და მწვანე მეწარმეობა; სოციალური, საგანმანათლებლო და ტურისტული სივრცე; სოციალური სერვისი და ინოვაცია; გამოყენებითი და დეკორატიული პროდუქცია; საკვები პროდუქტები; ტრადიციული რეწვა; სოციალური მაღაზია.
ცნობისთვის, B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
2023 წელს, B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის; გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია “თეგეტა გრინ პლანეტი”; ღონისძიების ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი "ინნ ჰოსფითალითი"; ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერია სოკარი და ალგი აუდიტი; B2B გამოფენის ფარგლებში სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს.
ღონისძიების მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, BMG, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, BPN და Business Insider Georgia.
უახლესი