დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წლის 31 ივლისიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესები მკაცრდება - რა იცვლება ინდუსტრიისთვის

2024 წლის 31 ივლისიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესები მკაცრდება - რა იცვლება ინდუსტრიისთვის

30-10-2023 12:00:47

2024 წლის 31 ივლისიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესები მკაცრდება და ყველა სიგარეტი ერთგვაროვანი სადა შეფუთვით უნდა გაიყიდოს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია  2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული, რაც თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს შესაძლებლობას მისცემს მოახდინონ საკუთარი პროდუქტის (საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე განთავსებული) სრულად რეალიზაცია.

როგორც  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის პირებს არ მიეცემოდათ გარდამავალი პერიოდი თამბაქოს შეფუთვის სტანდარტიზების წესების გამკაცრების თარიღიდან და ისინი მოახდენდნენ ძველი შეფუთვით დარჩენილი პროდუქციის რეალიზაციას, შესაძლოა დაჯარიმებულიყვნენ, ამ ცვლილების შედეგად კი სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდამავალ პერიოდში, აღარ მოხდება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმის თანხების მიმართვა, რაც პოტენციურად გაზრდიდა ბიუჯეტის შემოსავლებს.

ასევე, კანონპროექტის მიღება გარდამავალ პერიოდში 2024 წლის 31 ივლისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე დაზოგავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იმ უწყების რესურსებს, რომელიც პასუხისმგებელია თამბაქოს შეფუთვის კონტროლზე.

ცნობილია, რომ კანონპროექტი იქონიებს დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმდენად, რამდენადაც 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი იქნება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნა განთავსებული. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ამ პირებს, რომ მოახდინონ ძველი შეფუთვით დარჩენილი პროდუქციის რეალიზაცია, არ განიცადონ ფინანსური დანაკარგი და არ დაჯარიმდნენ.

ცნობილია, რომ 2017 წლის 17 მაისის (N859-IIს) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2024 წლის 31 ივლისიდან გამკაცრდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესები. ამასთანავე, ამავე ცვლილებების პაკეტით უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში მოწევა, თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა.

ასევე, ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევ მესამე მიზეზადაა დასახელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ ადგენს, რომ სიგარეტის შეფუთვას უნდა ჰქონდეს გარკვეული გამაფრთხილებელი გრაფიკულ/ტექსტური ეტიკეტები, რომლებიც ჯანმრთელობის რისკებისა და მოწევით გამოწვეული პოტენციური დაავადებების ილუსტრირებას მოახდენს.

„კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, აუცილებელია, თანაბრად იქნას გათვალისწინებული იმ პირების უფლებები, რომლებზეც გავლენას ახდენს შესაბამისი ცვლილებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ერთი მხრივ შენარჩუნდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთება, რომელიც სრულად მიმართულია თამბაქოს ნაწარმის მოხმარების შემცირებისკენ, და მეორე მხრივ, მინიმალიზირებული იქნეს შესაბამისი ნაწარმის იმპორტიორთა და მწარმოებელთა შესაძლო ეკონომიკური დანაკარგები.

გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის 31 ივლისიდან ამოქმედდება რიგი რეგულაციები, რომელიც გაამკაცრებს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რაც გარკვეულ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს ამ ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, მიზანშეწონილია ამ პირებს მიეცეთ გარკვეული ვადა, რათა მათ შეძლონ ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის რეალიზება და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან თავიანთი საქმიანობის სრული შესაბამისობა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები