კახეთის რეგიონში უკვე ორი კვირაა რაც კაკლის მოსავლის აღება დაიწყო. როგორც Business Insider Georgia-თან კომპანია „ანიგოზის“ დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი ამბობს, წელს საქართველოში კაკლის მოსავლის მოსალოდნელი მოცულობაა დაახლოებით 3,400 ტონა იქნება.
„ვფიქრობ, კლიმატური პირობების გამო წელს კაკლის ხარისხი პრობლემა იქნება. განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, რადგან რამდენიმე ადგილას კაკლის ბაღები ორჯერ დაისეტყვა. შესაბამისად, ხარისხთან მიმართებით ზუსტი მონაცემი მაშინ გვექნება, როცა კაკლის გადამუშავებას დავიწყებთ. ის რეგიონები და ის მხარეები, რომლებიც არ დასეტყვილა იქ კაკლის ხარისხის მაჩვენებელი უმაღლესი იქნება“, - ამბობს ანა ქევხიშვილი. მეწარმის თქმით, ფერმერები კაკლის კულტურის მოვლისას სულ უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ. „ვსწავლობთ დროულ რეაგირებას დაავადებებზე, რაც აქამდე უფრო ხშირად გვხვდებოდა და ამ მიმართულებით ხარისხობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. დაავადებული პროდუქტი თითქმის აღარ მოდის. ჩვენ როგორც საწარმო ვიბარებთ კაკალს და გადამუშავების სერვისიც გვაქვს. 2023 წლის სეზონზე 350- 450 ტონამდე კაკლის გადამუშავებას ვგეგმავთ“, - ამბობს „ანიგოზის“ დამფუძნებელი.
მეწარმის ინფორმაციით, ქვეყანაში კაკლის გადამამუშავებელი 6 საწარმო მუშაობს, რაც საქართველოში მიღებული მოსავლის გადასამუშავებლად საკმარისია. ამასთან, მეწარმე მიმდინარე წელს კაკლის იმპორტის ზრდასაც პროგნოზირებს.
„გასულ წელთან შედარებით მოსალოდნელია იმპორტის ზრდა. 2022 წლის საქართველოდან დაახლოებით 1450 ტონა გარჩეული კაკლის გულის იმპორტი განხორცოელდა, წელს 8 თვის განმავლობაში კი იმპორტმა უკვე 1 050 ტონა შეადგინა. წინ გვაქვს ყველაზე „ცხელი“ თვეები, როცა იმპორტის რაოდენობა იმატებს. განსაკუთრებით ნოემბერსა და დეკემბერში“, - ამბობს მეწარმე. რაც შეეხება ფასებს, „ანიგოზის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ნაჭუჭგაცლილი კაკლის სარეალიზაციო ფასი ამ დროისთვის დაახლოებით 15 ლარია და შესაძლოა, 25- 27-ლარამდე გაიზარდოს.
„კონკურენცია უნდა გაუწიოთ იმპორტს, თუმცა გვიჭირს. ვფიქრობ, აუცილებლად დარჩება პრემიუმ ხარისხის გარჩეული კაკლის რაოდენობა, რომელიც ექსპორტზე გაიგზავნება უფრო მაღალ საფასო სეგმენტში. იმპორტი ვერ შეწყდება სრულად, რადგან შემოტანილი ნიგვზის ღირებულება ძალიან დაბალია. რაც შეეხება გაუტეხავი კაკლის ფასს, ჩვენ მივყვებით და ვაკონტროლებთ მსოფლიო ბაზრის დიდ მოთამაშეებსა და მათ ფასებს. ეს პირველ რიგში არის კალიფორნია, იქ კაკლის წარმოება იგივე ჯიშებისგან ხდება, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. მათი მონაცემებით გაუტეხავი კაკლის ფასი $1,80-დან $2,80-მდე მერყეობს ზომისა და ხარისხის მიხედვით. ქართული კაკლის საექსპორტო ფასიც დიდი მწარმოებელი ბაზრების ნაკარნახები ტენდენციით განისაზღვრება“, - ამბობს მეწარმე.
უახლესი
11 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია46 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”