თაფლის სადისტრიბუციო და გადამამუშავებელი კომპანია „ლამარიას“ დირექტორი ლევან ბიგვავა Business Insider Georgia-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 2021 წელს ერთი ტონა დაფასოებული თაფლი ექსპორტზე ჩეხეთში გაიტანეს და უცხოეთში პროდუქციის გაყიდვის პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.
„პროდუქტის ექსპორტზე გატანა საკმაოდ რთული იყო, რადგან ჩვენ თაფლს უნდა დაეკმაყოფილებინა ევროკავშირის მოთხოვნები, ლაბორატორიული კვლევებთან მიმართებით, რასაც წარმატებით გავართვით თავი. „ლამარიას“ თაფლმა ჯერ საქართველოში და შემდგომ უკვე ჩეხეთში გაიარა ლაბორატორიული კვლევები. ევროკავშირის მოთხოვნები თაფლთან მიმართებით მსოფლიოში უმკაცრესია და დაახლოებით 78 კომპონენტზე შემოწმებას მოიცავს“, - ამბობს ლევან ბიგვავა
დღესდღეობით კომპანიას ჰყავს პარტნიორი ,,აშმუნაინ გრუპი“, რის შედეგადაც „ლამარიამ“ მოიზიდა ინვესტიციები და 2023 წელს ევროკავშირის ბაზარზე 6 ტონა ბრენდირებული თაფლი გაიტანა.
„ჩვენი მისია, დაფუძნების დღიდან იყო მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. მიგვაჩნია, რომ ქართული თაფლი იმსახურებს დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო მეფუტკრეობის საუკეთესო პროდუქტებს შორის. ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ ვიშურებთ“, - ამბობს „ლამარიას“ დირექტორი. „სამწუხაროდ, ქართული თაფლი არ არის ცნობილი უცხოური ბაზრისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბრენდის გარდა ევროპაში ბრენდირებული ქართული თაფლი არ იყიდება. ფაქტობრივად, ევროკავშირის უდიდეს ბაზარზე თავის დამკვიდრება პრაქტიკულად მარტო გვიწევს“, - ამბობს ლევან ბიგვავა.
კომპანიას ჰყავს რამდენიმე მომწოდებელი მეფუტკრე საქართველოს მასშტაბით. თაფლის შესყიდვამდე ხდება ნიმუშების ლაბორატორიაში მიტანა და შემოწმება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში პროდუქტი მიწოდება ხდება საწარმოში, სადაც დანერგილია უმკაცრესი სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO22000. სწორედ ამ საწარმოში ხდება თაფლის გადამუშავება და საბოლოო პროდუქტად გარდაქმნა. ამ დროისთვის `„ლამარია“ მომხმარებლებს წაბლის, აკაციის, ცაცხვის შერეულ და ალპურ თაფლს სთავაზობს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე მოთხოვნადი ალპური თაფლია.
„ლამარიას“ დირექტორი Business Insider Georgia-თან თაფლის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ 2023 წელს ჭარბმა ნალექმა თაფლის მოსავალი პრაქტიკულად მესამედამდე შეამცირა, რაც ფასზე აისახა, ამასთან ბაზარი არ არის სტაბილური, მეფუტკრეებს თაფლის გაყიდვა უწევთ საცალოდ და ეს მათთვის საკმაოდ რთული პროცესია, რადგან სასურველია მოსავალი სრულად, ან რამდენიმე ნაწილად გაიყიდოს, რათა მოხდეს შემოსავლების სათანადოდ გადანაწილება.
კომპანია „ლამარია“ ბოლო 3 თვეა რაც ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურდა. პროდუქტის რეალიზება ქსელურ მაღაზიების, სასტუმროების, რამდენიმე ონლაინ პლატფორმისა და საცალო გაყიდვების ქსელებით ხდება.
კომპანია 2021 წელს დაარსდა და ამ დროისთვის დასაქმებულია 4 ადამიანი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა