დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზაფრანის ბიზნესის პერსპეტივა საქართველოში - რა გამოწვევების წინაშეა მეწარმე, რომელმაც პირველი ბაღი საოკუპაციო ხაზთან გააშენა

ზაფრანის ბიზნესის პერსპეტივა საქართველოში - რა გამოწვევების წინაშეა მეწარმე, რომელმაც პირველი ბაღი საოკუპაციო ხაზთან გააშენა

09-05-2023 15:40:42

ზაფრანის წარმოება იზრდება, თუმცა სანელებელთან მიმართებით, რომელსაც ოქროს ფასი აქვს, ადგილობრივ ბაზარზე ინტერესი კვლავ დაბალია.

საქართველოში ზაფრანის პირველი მწარმოებელი მერაბ ინასარიძე Business Indsider Georgia-თან ამბობს, რომ მოსავლის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე გრამობით ჰყიდის, ნაწილიც გერმანიაში ახლობლების დახმარებით გააქვს, თუმცა პრობლემა უწყვეტი მიწოდებაა, რის გამოც ბიზნესს ორგანიზებული ფორმა არ აქვს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებელი მერაბ ინასარიძეს 7 წელია მოჰყავს.

ამბობს, რომ წელს წარმოება 8 000 კვადრატულ ფართობზე აქვს და 3,5 კილოგრამ მოსავალს ელოდება.

ამ წონის ზაფრანის (შაფრანი) მისაღებად 500 000–ზე მეტი ყვავილის შეგროვებაა საჭირო. მოსავლის აღება ხელით ხდება.

„შარშანდელთან შედარებით, წელს ზაფრანის მოსავალი გავაორმაგე. 1 გრამს 20 ლარად ვყიდი. თუმცა ევროპაში 2-3-ჯერ ძვირი ღირს.

თბილისში ძირითადი მომხმარებელი სარესტორნო ბიზნესია.

რასაც ახლა ვრგავ (ბოლქვი), 4-5 წლის მერე ამოვიღებ. დარგული ნერგი ყვავილობას 10 ნოემბრამდე იწყებს. ჯერჯერობით გერმანიაში ვყიდი, მაგრამ უფრო არაორგანიზებული სახით, ხელშეკრულებამდე საქმე ვერ მივიდა, რადგან უწყვეტი მომარაგების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მაქვს.

წლიდან წლამდე წარმოებას ვზრდი და ვცდილობ, ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანო“, - ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, საქართველოში ზაფრანის წარმოებისა და სასარგებლო თვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. „წითელ ოქროდ" წოდებულ სანელებელთან მიმართებით ცნობადობა ძალიან დაბალია, რაც გაყიდვებზე აისახება.

მერაბ ინასარიძე წარმოების 25 კილოგრამამდე გაზრდას გეგმავს და ამბობს, რომ ამ მაჩვენებელს დაახლოებით 4-5 წელიწადში მიაღწევს, რითაც სამომავლოდ უცხოელ პარტნიორებთან უწყვეტი მომარაგების პრობლემას მოაგვარებს.

რაც შეეხება მოსავლიანობას, ინასარიძის თქმით, 1 ჰა-ზე საზღვარგარეთ 10-15 კგ ზაფრანა იწარმოება. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, მაქსიმუმ 4-5 კგ პროდუქტის მოყვანაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ზამბახისებრთა ოჯახის ამ მცენარის შესახებ, ბევრი რამ არ არის ცნობილი. სასარგებლო თვისებების გამო, ზაფრანა ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში მისი ექსტრაქტის გამოყენებით 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება.

ზაფრანის ექსტრაქტი ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და თვალის წვეთების შემადგენლობაში შედის.

არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზრებზე ერთი კილოგრამი ზაფრანის ფასი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები